ირლანდიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომისიის გადაწყვეტილებით, მოკლე ვიდეოების პლატფორმა TikTok-მა ჩინეთისთვის ევროპელი მოქალაქეების პერსონალური მონაცემების გაგზავნისა და მომხმარებლებთან ურთიერთობაში გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო ჯარიმის სახით €530 მილიონი უნდა გადაიხადოს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
ირლანდიური კომისიის განცხადებით, TikTok-მა ევროკავშირის კანონმდებლობაში გაწერილი მონაცემთა დაცვის რეგულაციები დაარღვია, როდესაც ჩინეთს ევროპელ მომხმარებელთა მონაცემები გაუგზავნა, ვინაიდან პლატფორმას არ შეეძლო უზრუნველყოფა იმისა, რომ მონაცემები ჩინეთის შესაბამისი კანონმდებლობით დაცული იქნებოდა.
კომისიამ ასევე განმარტა, რომ TikTok-მა ვერ შეძლო ევროპელების მონაცემებზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ჩინური კანონმდებლობის გავრცელების შედეგების ადეკვატურად შეფასება.
ეს კანონმდებლობა, რომლებიც ჩინეთის მთავრობას უფლებამოსილებას აძლევს, კომპანიებს პერსონალური მონაცემების გადაცემა დაავალოს, როგორც TikTok-მა ასევე აღნიშნა, “მეტად სცილდება ევროკავშირის სტანდარტებს”.
კომისიის განცხადებით, TikTok-მა 2020-22 წლებში ასევე დაარღვია გამჭვირვალობის რეგულაციები, ვინაიდან პლატფორმამ მომხმარებლები არ გააფრთხილა, რომ მათი პერსონალური მონაცემები ჩინეთის მთავრობას გადაეცემოდა. კომისიამ აღნიშნა, რომ TikTok-მა კონფიდენციალურობის პოლიტიკა 2022 წელს შეცვალა, რომელიც ამჟამად ევროკავშირის წესდებასთან თანხვედრაშია.
€530 მილიონიდან, €485 მილიონის გადახდა TikTok-ს ჩინეთისთვის მონაცემების გაზიარებისთვის დაეკისრა, ხოლო €45 მილიონი – 2022 წლამდე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში გამჭვირვალობის ნაკლებობისთვის.
POLITICO-ს ცნობით, აღნიშნული რაოდენობის თანხა სიდიდით მესამე ჯარიმაა, რომელიც კომპანიას ევროკავშირის მონაცემთა დაცვის გენერალური რეგულაციის დარღვევისთვის დაეკისრა. TikTok-ს ევროკავშირის სათაო ოფისი ირლანდიაში აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ირლანდიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომისია წამყვანი ორგანოა, რომელსაც პლატფორმის წინააღმდეგ ევროკავშირის რეგულაციების აღსრულება შეუძლია.
TikTok-ის განცხადებით, ის ირლანდიური კომისიის მიგნებებს “სრულად უარყოფს” და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
“გარდა იმისა, რომ ირლანდიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომისიამ [TikTok-ის მიერ უკვე უზრუნველყოფილი] უსაფრთხოების ფართო გარანტიების სუბსტანციურად შესწავლა ვერ მოახერხა, ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ ასე გამოგვარჩიეს, როდესაც ჩვენ იმავე სამართლებრივ მექანიზმს ვიყენებთ, რომელსაც ევროპაში მოქმედი ათასობით სხვა კომპანია”. – ნათქვამია TikTok-ის განცხადებაში.
TikTok-ს ექვსი თვე აქვს, რათა მონაცემთა დამუშავების პრაქტიკა კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად შეცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პლატფორმას ჩინეთისთვის ყოველი პერსონალური მონაცემის გადაცემა შეეზღუდება.
tabula.ge
