„ჩინეთიდან ტვირთბრუნვის გარკვეული ზრდა შეინიშნება, მაგრამ დასახული მიზნები გრაფიკს ჩამორჩება“ – ლევან სულაბერიძე

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან სულაბერიძის შეფასებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთიდან ტვირთბრუნვის გარკვეული ზრდა შეინიშნება, მაგრამ მათ რკინიგზასთან ერთად შარშან ამ დროს დასახული მიზნები, ჯერჯერობით, გრაფიკს ჩამორჩება.
როგორც გადაცემა “ბიზნესპარტნიორთან” სექტორის წარმომადგენელი აღნიშნავს, საქართველომ სანავსადგურო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობები უნდა გაზარდოს.
“საკონტეინერო ტვირთბრუნვის ციფრი ძალიან მიმზიდველია, თუმცა ამის უკან რა არის კარგად უნდა გავერკვეთ. როდესაც საკონტეინერო ტვირთის დეკლარირება ხდება, აუცილებლად ერთი ფაქტორი უნდა გავმიჯნოთ – ის ციფრი, რომელიც 566 000-ზე მეტი გახლავთ, დათვლილია 20 ფუტიანი კონტეინერის ეკვივალენტში, ანუ ცალობა არ გახლავთ. ამ ყველაფერს თუ შევხედავთ, დიდი ნაწილი ტვირთების, რომელიც საქართველოში გადააქვთ ჩვენი დერეფნის ტვირთი არ არის. ძირითადი ზრდა -იდან გადაზიდული 40 ფუტიანი კონტეინერების ხარჯზეა, რომელიც მატულობს…
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სანავსადგურო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობები უნდა გავზარდოთ, იმისათვის რომ ნაყარი და თხევადი სახის ტვირთებისათვის გაცილებით მეტი სასაწყობო ფართი შეიქმნას”, – აცხადებს ლევან სულაბერიძე.
ცნობისთვის, “შუა დერეფანი” წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტს, რომელიც რეგიონის რიგ ქვეყნებში გადის. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და გადის ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი, შემდეგ კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს.
შუა დერეფანი უზრუნველყოფს გადაადგილებას სახმელეთო გზაზე, რომელიც აზიის აღმოსავლეთ რეგიონებს, მათ შორის, ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს უფრო გრძელი საზღვაო გზების გვერდის ავლით.