“ჩიზუკა” ფერმის აშენებას გეგმავს

ყველის ადგილობრივი წარმოება “ჩიზუკა” ფერმის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ვიკა იობიძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ახალი ფერმა უკვე არსებული საწარმოს მიმდებარედ, წალკის რაიონის, სოფელ სანთაში უნდა აშენდეს, რომელშიც კიდევ 4 ადამიანის დასაქმება განიხილება.
“ჯერჯერობით გეგმის დონეზე ვართ. საშემოდგომოდ გვინდა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები დავიწყოთ. ფერმა სოფელ სანთაში განთავსდება, ჩვენივე საწარმოს მიმდებარედ, რადგან რძის ტრანსპორტირება არ გაგვიჭირდეს.
ფერმის აშენების შედეგად, ბუნებრივია გაგვეზრდება წარმადობაც. გეგმის განხორციელება სახელმწიფო გრანტებსა და ჩვენ ფინანსებზეა დამოკიდებული. გეგმის განსახორციელებლად, მინიმუმ 250 000 ლარის ინვესტიცია იქნება საჭირო. ამ ფერმაში, დაახლოებით 4 ადამიანის დასაქმებას ვგეგმავთ“, – ამბობს ვიკა იობიძე.
კომპანიის დამფუძნებელი, ფერმის მაქსიმალურად თანამედროვე დანადგარებით აღჭურვას და ყველა სტანდარტის დაცვით წარმოებას გეგმავს.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ “ჩიზუკა” ასორტიმენტს აფართოებს და გაზაფხულიდან წარმოებაში იასამნისფერი ლავანდის ყველი დაემატება.
„ჩიზუკა“ ყველის წარმოების საოჯახო ბიზნესის შვილობილი კომპანიაა, რომელიც წალკის რაიონის, სოფელ სანთაში ჯერ კიდევ 1996 წელს დაიწყო. ქართულ ბაზარზე ახალგაზრდა მეწარმის პროდუქცია “ჩიზუკას” სახელით 2 წლის წინ გამოჩნდა. კომპანიას საკუთარი ფერმა აქვს და ასევე, რძეს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს. “ჩიზუკას” ყველი იყიდება ონლაინ და ასევე, რამდენიმე სავაჭრო ქსელში, მათ შორის, “ფრესკოში”.