„ჩიზუკას“ იასამნისფერი ლავანდას ყველი ბაზარზე გაზაფხულიდან გაიყიდება

ყველის მწარმოებელი კომპანია “ჩიზუკა” გაზაფხულიდან იასამნისფერი ლავანდას ყველის გაყიდვების დაწყებას გეგმავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ვიკა იობიძემ “ბიზნესპარტნიორს” განუცხადა, აღნიშნულის გარდა კომპანია, დაახლოებით, მარტიდან ქერქიანი ყველის გამოშვებას დაიწყებს.
„ქერქიანი, იგივე “გაუდის” ტიპის ყველის დამზადებას თბილი კლიმატი სჭირდება. შესაბამისად, გვაქვს იმედი, რომ დაახლოებით, 1 თვეში აღნიშნულის საშუალება, ამინდიდან გამომდინარე, გვექნება.
რაც შეეხება ლავანდას ყველს – პრეზენტაცია, ვფიქრობთ, რომ მთაწმინდაზე გაზაფხულის და ზაფხლის პერიოდში დაგეგმილ ყველის ფესტივალზე მოხდება. ყველის დასამზადებლად ნედლეულს ქართველი ფერმერებისგან ჩავიბარებთ. რამდენიმე ადამიანს აქვს ლავანდას კომპანია და აღნიშნულ პროდუქტს სწორედ მათგან შევიძენთ”, – აცხადებს ვიკა იობიძე.
გარდა ამისა, “ჩიზუკას” დამფუძნებელმა განვლილი 2024 წელი შეაფასა და აღნიშნა, რომ კომპანიისთვის 2024 წელი პოზიტიური იყო, თუმცა ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა გარკვეულ გეგმებში ხელი შეუშალათ.
“2024 წელი კომპანიისთვის საკმაოდ პოზიტიური იყო, თუმცა წლის ბოლოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ჩვენზეც აისახა. მაგალითად, HoReCa სექტორის მიმართულებით თითქმის არ გვიმუშავია. ზამთარი თითქმის ყველა მეწარმისთვის რთული პერიოდი იყო.
იანვარში ქართულ ყველზე იყო მოთხოვნა, თუმცა ნედლი რძის დეფიციტის გამო მიწოდება პრობლემა იყო. ნელ-ნელა იმატებს ნედლი რძის პროდუქცია და შესაბამისად, ეს პრობლემაც მოგვარდა. სამომავლოდ კიდევ ვაპირებთ ფერების და გემოების დამატებას”, – აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

ვიკა იობიძე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში “ჩიზუკას” მომხმარებლებში საგრძნობლად გაიზარდა ადგილობრივი მომხმარებლების რიცხვი. გარდა ამისა, ბოლო დროს კომპანიის გაყიდვების საერთო რაოდენობაში ონლაინ გაყიდვების წილი შემცირდა.
ცნობისთვის, საოჯახო ბიზნესმა ყველის წარმოება 1996 წელს წალკის რაიონის, სოფელ სანთაში დაიწყო. ქართულ ბაზარზე ახალგაზრდა მეწარმის პროდუქცია “ჩიზუკას” სახელით 1 წლის წინ გამოჩნდა. კომპანიას საკუთარი ფერმა აქვს და ასევე, რძეს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს. “ჩიზუკას” ყველი იყიდება ონლაინ და ასევე, რამდენიმე სავაჭრო ქსელში, მათ შორის, “ფრესკოში”.
bp.ge