თბილისში, ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტილია და იქ რამდენიმე ასეული ადამიანია მისული. დემონსტრანტებს, რომლებიც, მათი განცხადებით, გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, საათში ერთხელ პოლიტიკური ლიდერები მიმართავენ.
მათი განცხადებით, გეგმა ერთია – ადგილზე დარჩენა ორშაბათის საღამოს რვა საათამდე.
ადგილზე გაშლილია სამი კარავი. არიგებენ ცხელ სასმელს, საკვებს და თბილ პლედებს.
რამდენიმე წუთის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს მიმართა და მოუწოდა, რომ მნიშვნელოვანია ღამის თორმეტი საათის მერე ადგილზე იყოს ბევრი ხალხი.
მან ასევე მოუწოდა პოლიციას არ დაუპირისპირდნენ ხალხს.
კიდევ ერთი ოპოზიციური ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით კი, პოლიცია ფიქრობს, რომ დილით ხალხი შემცირდება და მათ დარბევას ეცდება, თუმცა თუ ბევრნი იქნებიან, ისინი „ვერაფერს იზამენ“.
„აქ დილიდან დაიწყება რუსული დეზინფორმაციების მანქანის მობილიზება, რომ ვიღაც წავიდა, ხალხი არ არის, და ა.შ. ყველა აქ ვართ, არსად მივდივართ”, – მიმართა ხატია დეკანოიძემ დემონსტრანტებს.
აქციის მონაწილეებს და ყველა გულშემატკივარს მიმართა ნიკა გვარამიამ და თქვა, რომ მათ სჭირდებათ დახმარებაც:
„თბილი სასმელით, პლედებით, საკვებით. გვაქვს, მაგრამ უფრო ბევრნი ვართ, ვიდრე ველოდით. ჩვენ ამ ღამეს ვუთენებთ სამშობლოს. შემოგვეშველეთ. თქვენი შემოშველება სხვა წონისაა“.
ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება არ გაუვრცელებია. ადგილზე ჯერ არც პოლიციაა მობილიზებული.
აქცია გრძელდება და უახლოესი გეგმა ღამის გათენებაა.
ამ დროისათვის გადაკეტილია ჭავჭავაძის გამზირი, ვარაზისხევი, მელიქიშვილის გამზირი და კეკელიძის ქუჩა.
დღის ბოლოს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თსუ-სთან მიმდინარე უწყვეტი აქციის გამო, უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი 1 დღით შეაჩერა. ამის შესახებ სტუდენტებს მათ ელექტრონული ფოსტით აცნობეს.