ჩვენ უნდა მოვთხოვოთ პასუხი სოციალურ პლატფორმებს, რათა დავიცვათ ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახები და ჩვენი დემოკრატია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან – ჯო ბაიდენი
ჩვენ უნდა მოვთხოვოთ პასუხი სოციალურ პლატფორმებს, რათა დავიცვათ ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახები და ჩვენი დემოკრატია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოვალური კაბინეტიდან მოსახლეობისთვის გამოსამშვიდობებელი მიმართვისას განაცხადა.
ბაიდენმა სოციალურ მედიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მას აწუხებს ტექნოლოგიური ინდუსტრიული კომპლექსის პოტენციური აღზევება, რომელმაც შეიძლება, რეალური საფრთხე შეუქმნას ამერიკას.
„ამერიკელები ეფლობიან დეზინფორმაციისა და მცდარი ინფორმაციის ზვავის ქვეშ, რაც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას უწყობს ხელს. თავისუფალი პრესა ინგრევა, რედაქტორები ქრებიან. სოციალური მედია უარს ამბობს ფაქტების შემოწმებაზე. სიმართლე იხრჩობა ძალაუფლებისა და მოგებისთვის ნათქვამი ტყუილებით. ჩვენ უნდა მოვთხოვოთ პასუხი სოციალურ პლატფორმებს, რათა დავიცვათ ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახები და ჩვენი დემოკრატია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან“, – აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გააფრთხილა მოსახლეობა ღრმა შესაძლებლობებისა და რისკების შესახებ, რაც ხელოვნურ ინტელექტთან არის დაკავშირებული.
1tv.ge