„ჩვენ უკვე გავდივართ ეკონომიკურ ზარალზე. ჩამოშლას უნდა ძალიან მოკლე პერიოდი“ – ზვიად ჭუმბურიძე

„ჩვენ უკვე გავდივართ ეკონომიკურ ზარალზე. პირდაპირ გეტყვით ამას, ყოველგვარი ციფრების გარეშე“ – აცხადებს ,,კომერსანტთან” საუბარში ,,საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს” ხელმძღვანელი. ზვიად ჭუმბურიძეს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გაყინვისა და სავაჭრო შეთანხმების (DCFTA-ის) გადახედვის საკითხზე ვესაუბრეთ. ,,ბრიუსელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხო ზომებად” სწორედ ამ ნაბიჯების გადადგმას განიხილავს. ეს პოზიცია რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გაფართოების ევროკომისარმა მარტა კოსმა დააფიქსირა.
,,საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს” ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ევროკავშირთან დაძაბულმა ურთიერთობებმა ქვეყნის ეკონომიკა უკვე დააზარალა. ზვიად ჭუმბურიძე განმარტავს, რომ შედეგები ეკონომიკაში მოკლე პერიოდში არ ჩანს, თუმცა ქვეყანა უკვე ზარალზეა. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სავაჭრო შეთანხმების (DCFTA-ის) გადახედვის შესახებ გაკეთებული განცხადება რეალობად იქცევა და ევროკავშირი მას გააჩერებს? ,,საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს” ხელმძღვანელს უჭირს კონკრეტული რიცხვების დასახელება. ზვიად ჭუმბურიძე ამბობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება ყველა მოქალაქეზე. დაზარალდება როგორც ადგილობრივი ბიზნესი, ასევე პრობლემები შეექმნება იმპორტს.
,,ციფრებს ვერ ვიტყვით. ეს რთული საკითხია. დღეს, საქართველოს ყველა ეკონომისტი რომ დასვა, ამას ვერ განსაზღვრავენ, რადგან აქ არის ბევრი საკითხი, რომელიც საერთო ჯამში ერთ კონტექსტს ქმნის. კონკრეტულად ვერ ვიტყით, მაგრამ საერთო ჯამში ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვნად დამაზიანებელი. ჩვენ უკვე გავდივართ ეკონომიკურ ზარალზე. პირდაპირ გეტყვით ამას ყოველგვარი ციფრების გარეშე. ეკონომიკა არის ცოცხალი ორგანიზმი. წარმოუდგენელია, რომ ერთ-ორ დღეში შეცვალო რაღაც. განვითარებას უნდა გრძელვადიანი და სტაბილური მდგომარეობა და ვითარება. ჩამოშლას უნდა ძალიან მოკლე პერიოდი. ჩვენი ეკონომიკა შედარებით მყიფეა. ჩვენ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ. ბოლო პერიოდში ეკონომიკური სტაბილურობა და განვითარება დადებით ნიშას იჭერდა. ამის ჩამოშლა იქნება სრული კრახი, როგორც ეკონომიკური განზომილებისთვის ასევე ბიზნესისთვის, რომელიც საქართველოში სტაბილურობისა და დაცულობის ერთგვარი გარანტია. დღეს ბიზნესმენს თავისუფლად გადაადგილების უფლება აქვს ევროპაში და მას აქვს ეს უპირატესობა, რომ ევროპელ პარტნიორს ელაპარაკოს თანაბარ პირობებში. როდესაც ჩვენ ამას შევუზღუდავთ (კაცმა არ იცის როგორი სისტემით იქნება შეზღუდული) ეს უპირატესობა გაქრება. იმპორტსაც პრობლემა გაუჩნდება, რადგან იმპორტი გაცილებით გაუძვირდება შემომტან კომპანიას. ეს თავის თავად გაზრდის პროდუქციაზე ფასს და ისევ მოსახლეობა იჭყლიტება. მთელი საზოგადოება, თითოეული მოქალაქე დაზარალდება თუ კი ეს მოხდა.”- აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.
,,საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს” ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ურთიერთობების დაძაბვამ გავლენა უკვე მოახდინა ევროპელ ინვესტორებზე, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მათი ინვესტიციები გრძელვადიანად და გარანტირებულად დაცული იყოს. ევროპელი დიპლომატები და ინვესტორები მეტ სიფრთხილეს იჩენენ და ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაგრძელებას ეჭვის თვალით უყურებენ. ზვიად ჭუმბურიძე განმარტავს, რომ ეს ინფორმაციას მას დიპლომატებისგან აქვს.
,,ევროპელები ეძებენ იმ ბაზრებს, სადაც მათი ინტერესი ერთმნიშვნელოვნად იქნება დაცული. ინვესტიცია იქნება გარანტირებულად დაცული და მათ ბიზნესს ექნება ერთგვარი გარანტია, რომ ის სტაბილურად განვითარდება. ევროპელი ინვესტორის ინვესტიცია ყოველთვის გრძელვადიანია. ეს იმოქმედებს ინვესტორებზე. დღეს ეს ასე ნათლად არ ჩანს. მაგრამ, ვიცი ჩემი პირდაპირი კომუნიკაციებით ელჩებთან (ყოველ კვირას ვხვდებით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, ეკონომატაშეებს), რომ ისინიც ძალიან ფრთხილად, უკვე ეჭვის თვალით უყურებენ ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს. ერთია ევროკავშირთან ამ დიდ ინსტიტუციასთან მუშაობა და მეორეა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები. თუ კი ეს ჩამოიშლება შემდეგ ძალიან რთული ასაწყობი იქნება.”- აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.
,,საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს” ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ არის დრო და შესაძლებლობა გამოსწორდეს ევროკავშირთან დაძაბული ურთიერთობები. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო ათწლეულების განმავლობაში მიღწეულს დაკარგავს და მის აღდგენას წლები და განვლილი გზის ხელმეორედ გავლა დასჭირდება.
,,დრო და შანსი ჯერ კიდევ არის, რომ არ მივიყვანოთ ქვეყანა ამ ეტაპამდე და არ დავაყენოთ ამ დილემის წინაშე, გვექნება თუ არა თავისუფალი გადაადგილება, გვექნება თუ არა თავისუფალი ვაჭრობა და კანდიდატის სტატუსი. თუ კი ეს ორი განზომილება (ვიზალიბერალიზაცია და სავაჭრო შეთანხმება) შეჩერდება, კანდიდატის სტატუსიც ავტომატურად არამოქმედ მდგომარეობაში გადავა. ჩვენ ვართ დრამატულ, მძიმე ვითარებაში, საიდანაც გამოსავალი მხოლოდ ერთია. შანსი კიდევ არის. დრო კიდევ დარჩენილია, რომ მმართველმა პარტიამ შეცვალოს დამოკიდებულება ევროპული განზომილების მიმართ. სხვა შემთხვევაში ეს პირდაპირი აღიარება იქნება იმისა, რომ ჩვენ ვრჩებით რუსულ ორბიტაზე. იმ ქვეყნის ორბიტაზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. ჩვენ ისეთი ტიპის დაპირისპირებაზე წავედით და ისეთი ტიპის აგრესიაზე, რომლის გამოსწორებაც მარტივი არ იქნება. ამას დასჭირდება მერე წლები და დასჭირდება თავიდან იმ გზის გავლა რაც უკვე გავიარეთ.”- აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.
ზვიად ჭუმბურიძე აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი და სავაჭრო შეთანხმება გრძელვადიანი, ისტორიული პროცესის შედეგებია, რომელიც საქართველომ ათეული წლების განმავლობაში განხორციელებული მუშაობის შედეგად დაიმსახურა. მისი შეფასებით, ამ მონაპოვარის დაკარგვა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დააზარალებს.
,,ეს არის ძალიან მტკივნეული პროცესი, რომელიც დააზარალებს არა მარტო საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და მის საგარეო პოლიტიკურ ვექტორს, არამედ დააზარალებს თითოეულ მოქალაქეს. მათ შორის მმართველი პარტიის წევრებს და მათ მხარდამჭერებს. ეს ყველას შეგვეხება. ყველასთვის იქნება ძალიან მძიმედ დამაზიანებელი.”- აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.
,,საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს” ხელმძღვანელს საკითხის პოლიტიკურ განზომილებაზეც ვესაუბრეთ. ზვიად ჭუმბურიძე ამბობს, რომ ევროკავშირთან მიღწეულმა შეთანხმებებმა ქვეყანას პოლიტიკური უპირატესობები მოუტანა. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირთან დამაკავშირებელ მთავარ სახელმწიფოდ იქცა. ევროკავშირთა დაახლოებამ ჩვენს ქვეყანას ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისთვისაც მნიშვნელოვანი როლი მიანიჭა.
,,ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა ეს არ არის ტექნიკური ასპექტები, რომლებიც ქართულ საზოგადოებას აძლევს საშუალებას გააძლიეროს ევროპული გზა. ორივე განზომილება პირველ რიგში არის პოლიტიკური უპირატესობა. გადავხედოთ რეგიონის ქვეყნებს. არც აზერბაიჯანს (რომელიც ნავთობით და გაზით მდიდარია) და არც სომხეთს (რომელსაც არ აკლია ლობისტები საფრანგეთში, -ში) არ აქვთ ის უპირატესობები, რაც აქვს საქართველოს. ამ უპირატესობებით საქართველო გახდა მედროშე ქვეყანა ჩვენს რეგიონში. ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. საქართველო შუა დერეფნის წევრი ქვეყნებისთვის (ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის) გახდა ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა, ვინაიდან შუა დერეფანი და ზოგადად ევროპული განზომილება და ევროპასთან კარიბჭე საქართველოზე გადის. რუსული სპეცსამსახურებისა და რუსული საგარეო დოქტრინის ყველაზე მთავარი ამოცანა არის ის, რომ საქართველო დაიბლოკოს. რეგიონის დანარჩენმა ქვეყნებმა: სომხეთმა, აზერბაიჯანმა და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა აღარ იფიქრონ კონტროლის გარეშე ევროპულ განზომილებასთან დაახლოებაზე. სწორედ აქ არის ჩადებული მთელი პოლიტიკური კონტექსტი, ქართულ-ევროპული და რეგიონალური თანამშრომლობის მთელი ასპექტები, რომლებიც მეტყველებს იმაზე, რომ თუ დაიხურება საქართველო როგორც ევროპის კარიბჭე, ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის დაიხურება პერსპექტივები.”- აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.
ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელოვანი ეტაპი 1996 წელს დაიწყო, როდესაც მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ქართულმა მხარემ ევროკავშირთან გააფორმა.