2024 წლის 15 დეკემბერს ძლიერი შტორმის დროს ქერჩის სრუტეში კატასტროფა განიცადა ნავთობპროდუქტებით დატვირთულმა ორმა რუსულმა ტანკერმა, რომლებსაც დაახლოებით 9,2 ათასი ტონა მაზუთი გადაჰქონდათ.
ქერჩის სრუტეში რამდენიმე ათასი ტონა მაზუთის ჩაღვრამ გამოიწვია მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფა, რომლის შედეგებს სამი კვირაა ებრძვიან ყირიმელი და ყუბანელი მოხალისეები. გარემოს დამცველების თქმით, მაზუთის დაღვრის შედეგად დაიღუპა ათობით დელფინი და ასობით ფრინველი; დასვრილი ფრინველების რაოდენობა, რომლებისთვისაც ნავთობით დაბინძურება სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს, ათასებს აღემატება. დაბინძურების სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს ტალღები, ქარი და ზღვის დინებები. წლის ამ დროს ხშირია ქარიშხლიანი ამინდებიც.
ქერჩის სრუტეში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფის შედეგი საკუთარი თვალით იხილეს ეპიცენტრიდან 820 კილომეტრში, ქობულეთის ერთ-ერთ ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც ურეკის სანაპიროდან მაზუთში გასვრილი ფრინველი მიიყვანეს.
როგორც „კომერსანტს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ამ დროისთვის, დაზიანებული ფრინველების აღმოჩენის მიუხედავად, საქართველოს სანაპირო ზოლს საფრთხე არ ემუქრება. სააგენტო სისტემურად ამოწმებს წყლის ხარისხს გონიოდან ანაკლიამდე, ამ დრომდე წყლის სისუფთავე ნორმის ფარგლებშია.
„ჩვენმა თანამშრომლებმა მონიტორინგი ჩაატარეს, ზღვაშიც იყვნენ გასულები, ჩვენ სანაპირო ზოლზე ამ ეტაპზე, არანაირი ლაქები არ ჩანს. რუტინული მონიტორინგი ჩვეულებრივ გრძელდება. რაც შეეხება ფრინველებს, ასეთი შემთხვევები ყოველთვის არის ხოლმე, ადრე მაზუთიანი დელფინებიც ჩნდებოდა ხოლმე პერიოდულად. რამე საგანგაშო არც წყლის ანალიზში ჩანს და არც ვიზუალურად.
როგორც კი ახალი კვლევების შედეგები გახდება ცნობილი, რა თქმა, უნდა მაშინვე გავასაჯაროებთ.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე სანაპიროზე ეკოლოგიურ კატასტროფაში მოყოლილ ფრინველს ან ცხოველს ნახავს, უნდა დარეკოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე: 153“,- აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნატა სულუაშვილმა.