ქალზე ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული მსახიობი და მომღერალი, კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. მას სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რომლის გადახდის შემდეგ დაუყოვნებლივ გათავისუფლდება.
პროკურატურა გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
“ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვლება, იმიტომ, რომ საკმაოდ სამართლიანია ეს გადაწყვეტილება. ჩვენ საერთოდ უფრო მეტიც, აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ვითხოვდით. თუ ამით ისარგებლებს ბრალდების მხარე ვნახავთ და შედეგებს დაველოდებით, მივიღებთ ამ პროცესშიც მონაწილეობას. არანაირი დაზიანება, რაზეც შეიძლება ვისაუბრო ამ ეტაპზე, ამ ქალბატონს, საქმის მასალების მიხედვით, არ აღენიშნება, ექსპერტიზა როცა იქნება მზად და მოიპოვებს ბრალდების მხარე, შემდეგ გადმოგვეცემა და ვნახავთ, დარწმუნებული ვარ, დაზიანებაზე იქ საუბარი არ იქნება”, – ამბობს ადვოკატი, დავით სანაძე.
კაბუს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა.