ჩვენ რომ მოვქცეულიყავით ისე, როგორც ოპოზიცია და „ენჯეოები“ გვეუბნებოდნენ, ომგამოვლილი ქვეყანა ვიქნებოდით, ვისი ტანკი იდგებოდა, ვისი ტყვია გაისვრიდა, არავის ეცოდინებოდა
ოპოზიციას ჩვენ არ ვყოფნით და ახლა ამერიკის ხელისუფლების კრიტიკაზე გადავიდა, გასაგებია. ჩვენს მაგალითზე ვიცით, რისკენ მოგვიწოდებდნენ ისინი ზუსტად სამი წლის წინ, ესკალაციისკენ, სანქციებისკენ, ცის ჩაკეტვისკენ, საზღვრების დაკეტვისკენ,. ამის ბოლოში რომ იყო გარანტირებულად ეკონომიკური კოლაფსი და უმაღლესი ალბათობით იყო სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან, ამას არ უნდა დიდი გეოპოლიტიკის ცოდნა, – განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, მმართველი პარტია რომ მოქცეულიყო ისე, როგორც ამას ოპონენტების ნაწილი მოუწოდებდა, ახლა ქვეყანაში რთული მდგომარეობა იქნებოდა.
„გავიხსენოთ, ვინ როგორ იქცეოდა, რას აკეთებდა ოპოზიცია. ნახევარი იდგა აეროპორტში და უკრაინიდან გამოგზავნილ თვითმფრინავებს ელოდებოდა, მოხალისეები უნდა გავაგზავნოთ აქედან სახელმწიფოს სახელითო. მეორე ნახევარი იდგა რუსთაველზე, მათთან ერთად იდგნენ „ენჯეოს“ წარმომადგენლები და ზუსტად ამ დღეებში ამბობდნენ, რომ ბომბების ცეცხლი გვირჩევნია იმ სირცხვილის წვასო. ამას გვეუბნებოდნენ „ენჯეოები“ და ოპოზიცია. ჩვენ რომ მაშინ მოვქცეულიყავით ისე, როგორც ოპოზიცია, „ენჯეოები“ და ოპოზიციის ამომრჩეველი მიგვიწოდებდა, საქართველო ეკონომიკურად ჩამოიშლებოდა და ახლა ვიქნებოდით ომგამოვლილი ქვეყანა. რა ტიპის ქვეყანა ვიქნებოდით, ვისი ტანკი იდგებოდა და ვისი ტყვია გაისვრიდა ამ ქვეყანაში, არავის ეცოდინებოდა. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ იმ აჟიოტაჟს, რომელსაც ყოველ ჯერზე ტეხდნენ, არ ავყევით, შევძელით დღეს ვიყოთ ლიდერი ეკონომიკური განვითარების ტემპით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
