„ჩვენ მომავალ წელს ვიზეიმებთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 17-საუკუნოვან იუბილეს და ეს შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად დიადია ჩვენი ერი და მისი სულიერება, მისი კულტურა“ – ირაკლი კობახიძე
ჩვენ მომავალ წელს ვიზეიმებთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 17-საუკუნოვან იუბილეს და ეს შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად დიადია ჩვენი ერი და მისი სულიერება, მისი კულტურა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოს, წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს.
„ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს და დღეს არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ გამოვხატოთ მადლიერება უწმინდესისა და უნეტარესის მიმართ იმ მრავალწლიანი, ნახევარსაუკუნოვანი ღვაწლისთვის, რომელიც მას აქვს არა მხოლოდ დედა ეკლესიისადმი, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე. დღეს რომ ასე მრავალად არის შეკრებილი მრევლი სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში, არის რა თქმა უნდა, ამ ღვაწლის დამსახურება და უდიდესი მადლობა პატრიარქს მისი ღვალისწლისთვის და მისი მოღვაწეობისთვის. მინდა, სვეტიცხოვლობა მივულოცო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოს, წმინდა სინოდის წევრებს, ყველა სასულიერო პირს, რომელიც ემსახურება ჩვენს დედა ეკლესიას და მინდა მივულოცო მრევლს, მინდა, მივულოცო მცხეთელებს, მინდა მივულოცო საქართველოს თითოეულ შვილს სვეტიცხოვლობა. ღვთის მადლი ფარავდეს ყველას. ეს ტაძარი შეგვახსენებს ყველას ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი ქრისტიანული კულტურის, ჩვენი დედა ეკლესიის წინაშე, რომ დღენიადაგ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე, ჩვენი დედა ეკლესიის სიძლიერეზე და ჩვენი ქრისტიანული კულტურის, ჩვენი ქრისტიანული ღირებულების დაცვასა და შენარჩუნებაზე. ეს არის თითოეული ჩვენგანის, ჩვენი დედაეკლესიის მრევლის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე და ეკლესიის წინაშე.
ჩვენ მომავალ წელს ვიზეიმებთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 17-საუკუნოვან იუბილეს და ეს შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად დიადია ჩვენი ერი და მისი სულიერება, მისი კულტურა. ეს ყველაფერი შეგვახსენებს კიდევ ერთხელ პასუხისმგებლობას მომავალი თაობების წინაშე, რომ ჩვენ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ამ ქვეყნის გაძლიერებაში, ჩვენი დედაეკლესიის მიმართ ზრუნვაში და კიდევ ერთხელ, ეს არის პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენგანის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს
