ყველას მოვუწოდებ, მოემზადონ არჩევნების დღისთვის – ჩვენ მოვემზადებით არჩევნებში გამარჯვებისთვის და ოპოზიცია მოემზადოს მორიგი მეცხრე მარცხისთვის 26 ოქტომბერს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ის გამოეხმაურა ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნას და აღნიშნა, რომ თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების მიმართულებით ვერავითარი ხარვეზი ვერ დადგინდა.
„ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა, რაც პრინციპში მთლიანად ასახავს წინასაარჩევნო გარემოს, არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთადერთი პრობლემა გამოიკვეთა ამ დასკვნაში, რაც ისედაც ყველამ ვიცით, ეს არის პოლარიზაცია -ეს არის პოლარიზაცია პოლიტიკურ სპექტრში და ეს არის პოლარიზაცია მედიაში. ეს არის ერთადერთი სისტემური პრობლემა, რაც გვაქვს ქვეყანაში და სწორედ ამ პოლარიზაციის დაძლევას ემსახურება ის გეგმა, რომელიც წარვუდგინეთ საზოგადოებას და რომელიც უკავშირდება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას. ვიდრე ეს არ მოხდება, პოლარიზაცია ძალაში დარჩება. რაც შეეხება თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებს, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დადგინდა ვერავითარი არსებითი ხარვეზი. შესაბამისად, მე ყველას მოვუწოდებ, მოემზადონ არჩევნების დღისთვის- ჩვენ მოვემზადებით არჩევნებში გამარჯვებისთვის და ოპოზიცია მოემზადოს მორიგი, მეცხრე მარცხისთვის 26 ოქტომბერს“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე სამართალდამცავ უწყებას მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში გაგრძელდეს და ამომრჩეველმა 26 ოქტომბერს მშვიდ ვითარებაში შეძლოს საკუთარი არჩევანის გაკეთება.
„ბრალდებულ დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოსვლის საეჭვო მცდელობის და რადიკალური ოპოზიციის პარტიულ ოფისებში მიმდინარე საუბრების ფონზე, მოვუწოდებ ყველა სამართალდამცავ უწყებას, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ. ყველა ხედავთ, რომ საარჩევნო კამპანია წარიმართება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, რაც რადიკალიზაციაზე ორიენტირებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატების შანსებს კიდევ უფრო ამცირებს. საარჩევნო გარემო არის თავისუფალი და კონკურენტული, რაც ეუთო-ოდირის მიერ გუშინ გამოქვეყნებულმა ანგარიშმაც დაადასტურა. ამ ფონზე, გასაკვირი არაა, რომ რადიკალური ოპოზიციის ფიქრი ახლა მთლიანად პროვოკაციებისკენ არიან მიმართული.
სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და არავის მივცემთ ქვეყანაში არეულობის შემოტანის შესაძლებლობას. მმართველი გუნდი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში გაგრძელდეს და ამომრჩეველმა 26 ოქტომბერს მშვიდ ვითარებაში შეძლოს საკუთარი არჩევანის გაკეთება. მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, თავი შეიკავონ პროვოკაციების დაგეგმვისგან. ნებისმიერ პროვოკაციას სახელმწიფოსგან უმკაცრესი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმესთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
ირაკლი კობახიძის თქმით, პირმა, რომელიც 2016 წელს წინასაარჩევნოდ უმძიმესი პროვოკაციის მოწყობაშია ბრალდებული და არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე ე.წ. მწვანე საზღვარი გადმოკვეთა და საქართველოში უკანონოდ შემოსვლას გეგმავდა, გონივრული ვარაუდია, რომ ასეთ ნაბიჯზე მხოლოდ შანტაჟის და ანალოგიური დავალების შესრულების მოთხოვნის პირობებში შეიძლება წავიდეს.
„შეგახსენებთ, რომ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება, რაც, საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე დასრულდა, იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე მომხდარი უმძიმესი აქტი, რომელიც, მაღალი ალბათობით, არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებას ისახავდა მიზნად. ამ დანაშაულში მიხეილ სააკაშვილისა და გია ლორთქიფანიძის კვალის გამოკვეთა დამაფიქრებელია და გამოძიების განსაკუთრებული ინტერესის საგნად უნდა იქცეს. დაგვეთანხმებით, უცნაურია, რომ პირმა, რომელიც 2016 წელს წინასაარჩევნოდ უმძიმესი პროვოკაციის მოწყობაშია ბრალდებული და რომელსაც საქართველოში 18-წლიანი პატიმრობა ემუქრება, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე ე.წ. მწვანე საზღვარი გადმოკვეთა და საქართველოში უკანონოდ შემოსვლას გეგმავდა. გონივრულია ვარაუდი, რომ ასეთ ნაბიჯზე ადამიანი მხოლოდ შანტაჟის და ანალოგიური დავალების შესრულების მოთხოვნის პირობებში შეიძლება წავიდეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.