“ჩვენ ვცხოვრობთ სტიქიიდან სტიქიამდე” – რა არის მინიმალური პრევენციული გეგმა, რაც უბედურებას თავიდან აგვაცილებს?

სტიქიამ საქართველოში სერიოზული პრობლემები შექმნა. სფეროს სპეციალისტების განცხადებით, 112-ის მიერ წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, სახელმწიფომ დროული რეაგირება მაინც ვერ მოახდინა. ისინი ცალსახად, სისტემის გაუმართაობაზე საუბრობენ.
საინტერესოა, მოსალოდნელის სტიქიების პრევენციის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ და როგრო შეიძლება მისგან თავი წინასწარ დავიცვათ? ეკოლოგ რეზო გეთიაშვილის აზრით, ქვეყანაში უნდა არსებობდეს ბუნებრივი კატაკლიზმების მართვის ერთიანი სისტემა, რომელიც შეიმუშავებს შესაბამის ღონისძიებებს და სტიქიის მიმართ ბრძოლაც უფრო ეფექტური გახდება.
,,პირველ რიგში, გვჭირდება პროგნოზი. ასევე, აუცილებელია არსებობდეს ბუნებრივი კატაკლიზმების მართვის ერთიანი სისტემა. იყო და არის მისი შექმნის მცდელობა. განვითარებული ქვეყნებიც, სადაც მსგავსი სისტემაა, გვეხმარებოდნენ მის დანერგვაში. ეს მრავალმილიონიანი პროგრამა ,,კლიმატის მწვანე ფონდის” მიერ ხორციელდებოდა.
უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ამ სტიქიას გაზაფხულზე გაგრძელება ექნება, გააქტიურდება გეოლოგიური პროცესები, იქნება წყალმოვარდნები და მდინარეები კალაპოტიდან გადმოვა. მგრძნობიარეა ჩვენი ზღვისპირა დასახლებები. როგორ მიიღებს ზღვა ასეთ დიდ ნალექს? სამწუხაროდ, კიდევ ერთ დიდი სტიქიას შევხვდებით მოუმზადებელი. აქ საჭიროა არსებობდეს სახელმწიფო მართვის სისტემა და აქედანვე დაიწყოს მუშაობა”, – განაცხადა რეზო გეთიაშვილმა.
მართალია, 112-ის შეტყობინებები გამართულად მუშაობს, მაგრამ მიღებულ ინფორმაციისადმი შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება ხშირ შემთხვევაში გვიანდება. გეთიაშვილის შეფასებით, მთავარი პრობლემაც, სწორედ ეს გახლავთ .
,,შეტყობინებები კარგია. ეს სისტემა კარგად მუშაობს, მაგრამ თუ პრევენციისთვის შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება დროულად არ ხდება, სად გავიქცე? რეაგირება ჩვენთვის მუდმივი პრობლემაა. სამწუხაროდ, სისტემურ პრობლემებს ჩვენ არ ვიძიებთ.
რაც შეეხება რჩევებს, არსებობს მინიმალური რეკომენდაციები, რა უნდა გააკეთდეს, რომ სიცოცხლე გადარჩეს.საქართველოში ამის კურსების დანერგვის მცდელობაც იყო. აქვე უნდა ითქვას, რომ კარგია მსგავსი სიტუაციებისას საზოგადოების აქტიურობა. ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან და ეს ძალიან ამართლებს. სამოქალაქო თვითშეგნება აჩვენა ხალხმა. ამ ამადამიანებს მადლობა. მათ ხელს არ უნდა უშლიდნენ”, – აღნიშნა გეთიაშვილმა.
სტიქიისგან თავის დაცვა მარტივი არაა, მაგრამ, როდესაც გამოუვალი სიტუაციაა, ადამიანებმა უნდა შეძლონ საკუთარი ძალებით თავდაცვა, რისთვისაც გარკვეული კრიტერიუმების ცოდნა აუცილებელია.
,,უნდა გახსოვდეს, რომ სტიქია იზოლაციის საფრთხეს ქმნის. ადამიანები შეიძლება სასიცოცხლო პირობებისგან მოწყვეტილნი დარჩნენ. ამიტომ, მთავარია პანიკაში არ ჩავარდნენ. გაიაზრონ ის რისკები, რომლის წინაშეც დგანან და გადაარჩინონ ერთმანეთი. თავი შეიკავონ ზედმეტი გადაადგილებისგან. სანამ საშუალება აქვთ კომუნიკაცია შეძლონ. ასევე ელემენტებზე მომუშავე რადიო ჰქონდეთ, რომ შესაბამისი ინფორმაცია მიიღონ. მთავარია ცივი გონებით იაზროვნონ.
ჩვენ გვქონდა სახელმძღვანელო ,,კატასტროფამდე, კატასტროფის დროს და კატასტროფის შემდეგ”. აუცილებლობიდან გამომდინარე, ელექტრონულად გავავრცელეთ. არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ როცა ეს თოვლი ჩაივლის სტიქია არ დამთავრდება. გაჩნდეა მეორადი რისკები, რომლებმაც შესაძლოა, დიდთოვლობაზე უარესი შედეგი მოიტანოს. მინიმალური ცოდნით აღჭურვაც ადამიანს შველის, თუმცა, პირველ რიგში, მზად სახელმწიფო უნდა იყოს”, – დასძინა გეთიაშვილმა.
დიდთოვლობის შედეგად არსებულ გამოწვევებზე და უახლოეს მომავალში მოსალოდნელ რისკებზე საუბრობს ექსპერტი რუსიკო სიმონიძეც. ის პრევენციული ზომების გატარებაზე ამახვილებს ყურადღებას და სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური ნაბიჯების გადადგმაზე საუბრობს.
,,როდესაც ინფორმაცია მოსალოდნელ სტიქიურ მოვლენებზე წინასწარ ვრცელდება საჭიროა, შესაბამისი შტაბის შეიქმნა. ამისთვის კი სპეციალური სამსახური უნდა არსებობდეს. სტიქიისგან დაზღვეული არავინაა, დიდთოვლობა ყველა ქვეყანაში პრობლემას ქმნის, მაგრამ გადასადგმელი ნაბიჯების შემუშავება დროული უნდა იყოს. ხელისუფლებას პირდაპირ ევალება გზების გაწმენდა, ენერგიით უზრუნველყოფა და ა.შ. როდესაც თოვლი 2 მეტრს აღწევს სახელმწიფო სამსახურების ჩართვაა საჭირო.
რაც შეეხება მოსახლეობას, ,,მწვანე კლიმატის” ფონდის დაფინანსებით კვლევები ხორციელდება და შესაძლებელია გარკვეული ინფორმაციები მიიღონ. დღეს, როგორც ჩანს, ამ მიმართულებთ ადამაინური რესურსის დეფიციტიც არის. ამ დროს კი სამხედრო ძალა უნდა ჩაერთოს. მთავარია, სამოქმედო გეგმა და რეაგირება არ დაგვიანდეს. ეს ხელისუფლებისგან სავლდებულოა”, – ამბობს სიმონიძე.
სხვადასხვა სტიქიური უმოვლენების შესასწავლი სტრუქტურის შექმნა ქვეყნისთვის აუცილებელია იმისათვის, რომ მოვლენების მიმართ დროული რეაგირება მოხდეს. სწორედ მსგავსი უწყებების არარსებობამ გამოიწვია ის მდგომარეობა, რომ დღეს, სტიქიური მოვლენის მიმართ მთავრობის რეაგირება, სამწუხაროდ დაგვიანებულია.
,,დღეს ყველა ფეხზე დგას, მაგრამ რეაგირება გურიაშიც და იმერეთის მაღალმთიან რაიონებში უკვე დაგვიანებულია. ქვეყნიდან ხალხი გასულია, სოფლები დაცარიელებულია და ერთმანეთის დახმარებასაც არ შეუძლიათ.
დარგის სპეციალისტები დასხდნენ და იმსჯელონ იმ პრევენციაზე, რაც შესაძლებელია დასახონ. წინასწარ უნდა მოხდეს ყველაფრის მობილიზება, ყოველი ნაბიჯი გათვლილი უნდა იყოს, რათა მომავალი უბედურება თავიდან ავიცილოთ”, – აღნიშნა რუსიკო სიმონიძემ.
საქართველოში არსებულ სტიქიებზე და მოსალოდნელ სასიშროებაზე და საჭირო პრევენციებზე გაამახვილა ყურადღება „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ. მისივე შეფასებით, მთავრობას არ აქვს სტიქიასთან ბრძოლის პროტოკოლი, რადგან სხვა შემთხვევაში რეაგირება პირველივე დღიდან დაიწყებოდა.
„რეაგირების სქემები, რომელიც უნდა არსებობდეს კანონის მიხედვით, ყველა სამსახურს უნდა ჰქონოდა. მე ვიცი, რომ მუნიციპალიტეტებს თავისი რეაგირების გეგმები კანონით ევალებათ, მაგრამ ასეთი რამ ბევრ მუნიციპალიტეტში საერთოდ არ არის გაკეთებული.
ყველა სტიქიას უნდა დაუპირისპირო თავისი სტრატეგია – რომელი უწყება როდის და როგორ ერთვება, ადგილობრივი ხელისუფლება რას აკეთებს, რას აკეთებს მოხალისე, იქვე გაფრთხილების სისტემა უნდა მოქმედებდეს, მარტო 112-დან მიღებული შეტყობინება არაფერს ნიშნავს, მას უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს როგორ მოიქცეს, რა უნდა მოიმარაგოს. მუნიციპალიტეტებს ტექნიკა არ ჰყოფნის. ყველა რეგიონს უჭირს ახლა, გარდა თბილისისა. ძალიან ცოტაა მძიმე ტექნიკა, რომელიც საქართველოს სჭირდება.
ჩვენ უბრალოდ ვცხოვრობთ სტიქიიდან სტიქიამდე. როდესაც სტიქია ჩაივლის, ეს ყველაფერი გვავიწყდება. ამას სისტემური მიდგომა სჭირდება და არ შეიძლება ერთმანეთზე გადაბრალება”, – განაცხადა ჩხობაძემ.