„ჩვენ ვთავაზობოთ სერვისს არა მხოლოდ ახალგაზრდა ადამიანებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც“ – „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ დირექტორი, ნინო მახაშვილთან

„ჩვენ ვთავაზობოთ სერვისს არა მხოლოდ ახალგაზრდა ადამიანებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც“ – „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ დირექტორი, ნინო მახაშვილთან
„კლუბი სინერგია“ – ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი უფასოდ ემსახურება 14-დან 25 წლამდე მოზარდებსა და ახალგაზრდებს, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებს. სერვისის მიზანია ფსიქოაქტიური საშუალებების ავადმოხმარებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პრევენცია. კვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული ცენტრის ოფისები გახსნილია თბილისსა და ბათუმში. „კლუბი სინერგია“ ფუნქციონირებს ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ ბაზაზე, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის (CiSSCo)“ ფარგლებში.
კლუბის კონცეფცია
ნინო მახაშვილი – ბავშვთა და მოზარდთა ასაკი უაღრესად მოწყვლადი ასაკია. ჩვენ ვიცით, რომ 24 წლამდე ჩვენი (ფსიქიკური ჯანმრთელობის) აშლილობების 2/3-ზე მეტი უკვე ჩამოყალიბებულია. ანუ 24 წლამდე თუ ჩაერევი, მართვის სადავეები შენ გიპყრია, არ ახანგრძლივებ, არ აქრონიკულებ მდგომარეობას. ამიტომაც ავირჩიეთ ეს ასაკი.
„კლუბი სინერგია“ დაახლოებით ოთხი წელიწად-ნახევრის წინ შეიქმნა ევროკავშირის დახმარებით. ამჯერადაც კლუბი ისევ ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით ფუნქციონირებს. პროექტი, რომელსაც ახლა ვახორციელებთ, მიმართულია დანაშაულისა და ადიქციის პრევენციისკენ. აი, ამ ფარგლებში მუშაობს „კლუბი სინერგია“, რადგანაც ვიცით, რომ ადიქტური ქცევები თითქმის მუდმივად გადაჯაჭვულია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან.
გვაქვს ორი ოფისი – „სინერგია“ თბილისი და „სინერგია“ . ორივე ოფისი, იმისთვის, რომ შევამციროთ სტიგმა და უფრო „შინაურული’ გავხადოთ გარემო, ოჯახის ტიპის ბინაში მდებარეობს.
ეს არის ჩვენი კონცეფცია – არ გვქონდეს კლინიკა, არ გვეცვას ხალათი; გვინდა, ადამიანი შემოდიოდეს და ბარიერი არ იგრძნოს სერვისის მიღების დროს. აქ მოზარდს შეუძლია ითამაშოს, ჩაი დალიოს, თავის პრობლემაზე ისაუბროს. მან იცის, რომ სერვისი ანონიმურია. ერთადერთი პირობა, რასაც ჩვენ მომხმარებელს, ბენეფიციარს, კლიენტს, პაციენტს ვუყენებთ, არის ინფორმირებული თანხმობის მიღება.
ჩვენ ვთავაზობთ სერვისს არა მხოლოდ ახალგაზრდა ადამიანებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც, ძალიან ხშირია მშობლების ან და-ძმის ჩართვა; მოდიან ოჯახის წევრები, მეგობრებიც კი. ახლა, მაგალითად, ახალი ჯგუფი გავაკეთეთ, როდესაც ჩვენმა კლიენტმა თავისი მეგობრები მოიყვანა.

საზოგადოების გამოწვევები
ნინო მახაშვილი – ფსიქიკური ჯანმრთელობის კომპეტენტური დახმარების მიღება პრობლემაა. პირველ რიგში, საზოგადოებაში არ არის შესაბამისი ცოდნა, თუ რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. ანუ ამოცნობა და დახმარების ძიება ნაკლებად ხდება;
მეორე რიგში, არის დიდი სტიგმა, რის გამოც მშობლები უფრთხიან შვილების ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან წაყვანას; მესამე, ამის საპირისპირო არის ის, რომ ხშირად ხდება არაკომპეტენტურ სპეციალისტთან მისვლა, რაც ადამიანს უკარგავს იმედს, რომ მიეხმარებიან…
ვმუშაობთ ამ მიმართულებით, ვდებთ საინფორმაციო რესურსებს, რომ მშობლებმა წაიკითხონ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება. გვაქვს ე.წ. პოზიტიური მშობლობის პროგრამა, რომელიც მოიცავს: ზოგადად, რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობა, განვითარების ეტაპები, აღზრდის მეთოდები, პრობლემის საწყისი ნიშნების ამოცნობა, და სხვ. ასე რომ, მშობლებსა და საზოგადოებაზე მუშაობა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
წამყვანი პრობლემები
ნინო მახაშვილი -„კლუბი სინერგიას“ მანდატის შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ ზოგადი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ახალგაზრდებს, ვისაც აქვთ დეპრესიული სიმპტომატიკა, ან შფოთვითი აშლილობა, ადიქტური ქცევები, დანაკარგი, ტრავმა ან ადაპტაციის სირთულეები… არ ვმუშაობთ ახალგაზრდებთან ფსიქოტური ეპიზოდებით, ან ადამიანებთან ნეიროგანვითარების დარღვევებით, ვთქვათ, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან.
ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობების მართვასთან ერთად, ვახორციელებთ პრევენციულ პროგრამებსაც. საქართველოში მოზარდთა პრევენციული სერვისები არ არსებობს და ამ მხრივ, ვფიქრობ, უნიკალურები ვართ.
თუ გავიხსენებ, რა არის წამყვანი ჩივილები მომართვიანობის დროს, უნდა ითქვას, რომ ჩვენს კლიენტებში ყველაზე ხშირია ემოციური დისრეგულაცია, ანუ გაღიზიანებლობადობა, წინასწორობის დაკარგვა, ბრაზი, იმპულსურობა.
არანაკლებ მაღალია ძილის დარღვევები, რაც, მოგეხსენებათ, შემაშფოთებელი პრობლემაა იმიტომ, რომ შეუპოვარი უძილობა რევს არა მარტო ფსიქიკას, არამედ სომატიკასაც. ძილის რიტმის დარღვევები ამ ასაკისთვის დამახასიათებელია, ასე რომ, ეს ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომატიკაა.
ძალიან მაღალია ინტერპერსონალური ურთიერთობების პრობლემები; ამაში მოიაზრება სოციალური არაკომპეტენტურობა – როცა, მაგალითად, შენი თავის წარდგენა არ იცი, ძალიან უხერხულად ხარ სოციალურ სიტუაციებში, ზედმეტად აგრესიული ან ზედმეტად დარცხვენილი და ა.შ.
ასევე ძალიან მაღალია ინტერნალიზებული პრობლემები, როდესაც თვითშეფასება გაქვს დაბალი, როდესაც მაღალია სირცხვილის, დანაშაულის განცდები… ეს პრობლემები არ-ახალია და ახალგაზრდობის ამ რთულ ასაკს თან ახლავს, მაგრამ ხანდახან ძალიან მარტივი ჩარევა, კორექტირება, სხვა კუთხიდან დანახვა – „რეფრეიმინგი“ ყოფნის ხოლმე, რომ ახალგაზრდა წელში გაიმართოს და დაძლიოს შემაწუხებელი პრობლემა.
კიდევ ერთხელ მოზარდების ძილის დარღვევების შესახებ
ნინო მახაშვილი – ძილის დარღვევებზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა ვისაუბროთ დღე-ღამის რიტმის დარღვევაზე. დღე-ღამის რიტმის აღრევა თანამედროვე ახალგაზრდებისთვის შეიძლება ითქვას, რომ უკვე ნორმაა. ადამიანებს არ სძინავთ ღამის უმეტესობა, ან კომპიუტერთან არიან, ან ვიდეოთამაშებში და ა.შ და სძინავთ დღის განმავლობაში. თანამედროვე ნეირომეცნიერები აკეთებენ მოწოდებას, რომ მოზარდებისთვის სკოლა დაიწყოს შუადღით და არა დილას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მოზარდი, რომელსაც არ სძინავს ღამის დიდი ნაწილი, პროდუქტიული არ არის. ასე რომ, ჩვენ უნდა ავეწყოთ რეალობას, რაშიც ჩვენი მოზარდები ცხოვრობენ.
ეს არ ნიშნავს, რომ არ ვეცადოთ და არ ვაკონტროლოთ ეკრანთან გატარებული დრო, განსაკუთრებით კი დაბალი ასაკის ბავშვებში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ გავზარდოთ თამაშის და ფიზიკური აქტიურობის დრო და რომ 2-3-4 წლის ასაკის ბავშვისთვის ეკრანთან გატარებული დრო (როგორიცაა ტელევიზორის ან ვიდეოს ყურება, კომპიუტერული თამაში) არ უნდა იყოს ერთ საათზე მეტი; რაც ნაკლები, მით უკეთესია. რაც შეეხება ორ წლამდე ბავშვებს, ჯანმოს რეკომენდაციაა, რომ მათ საერთოდ არ გაატარონ დრო ეკრანთან.
5-17 წლის ასაკში რეკომენდებულია არაუმეტეს ორი საათისა დღეში (გარდა საშინაო დავალებების შესრულების დროისა). ამასთან, უნდა ვეცადოთ, რომ მათ რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ სხვადასხვა სახის ფიზიკურ აქტივობაში, მათ შორის ზომიერი და მაღალი ინტენსივობის ფიზიკურ აქტივობაში.
ჩვენი დაკვირვებით, დრო, რასაც ჩვენი მოზარდები ეკრანებთან ატარებენ, გაცილებით მეტია და, სამწუხაროდ, ეს ხშირად სწორედ ღამის განმავლობაში ხდება.
ბუნებრივია, ძილის არევა მხოლოდ ეკრანთან გატარებული დროით არ აიხსნება. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ძილის დარღვევა – ანუ უძილობა, ძალიან უხარისხო ან წყვეტილი ძილი ან ძალიან ადრე გაღვიძება – მისახედი პრობლემაა. ძილის ჰიგიენის სწავლება ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მიმართულებაა, თუმცა მისი დაცვა უკვე ადამიანზეა დამოკიდებული. როდესაც ახალგაზრდას ვუხსნით, თუ რა ემართება სტრესის ჰორმონებს (მაგ; კორტიზონს) ასეთ დროს, რა პრობლემები მოაქვს ძილის დარღვევებს როგორც ფსიქიკისთვის, ასევე ფიზიკური სხეულისთვის, ეს ცოდნა მათ ეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაში.
პუბლიკაცია შექმნილია
„I (პირველი) ბლოკი“-ს მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის (CiSSCo)“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი“.

მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „I (პირველი) ბლოკი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.