„ჩვენ ვართ ჩვენი ბედის მჭედელები“ – თანამედროვე იტალიური და მსოფლიო მწერლობის აღიარებული მეტრი, დაჩა მარაინი საქართველოშია (ვიდეო)

23 ოქტომბერს მწერალთა სახლის მოწვევით და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს ესტუმრა საყოველთაოდ აღიარებული იტალიელი პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი, რეჟისორი, სცენარისტი, პუბლიცისტი, კინოდოკუმენტალისტი, ჟურნალისტი და მთარგმნელი − დაჩა მარაინი.
23 ოქტომბერს მწერალთა სახლში დაჩა მარაინიმ, მთარგმნელ ნუნუ გელაძესთან ერთად წარადგინეს წიგნი „წერის სიყვარული“, ისაუბრეს კითხვის, წერის, თარგმნის ხელოვნებაზე, საკუთარ და წიგნში წარმოდგენილი ავტორების გამოცდილებაზე, პიერ პაოლო პაზოლინიზე, რომელსაც მიუძღვნა წიგნი „ძვირფასო პიერ პაოლო“ და 80 წლის შემდეგ დაწერილ წიგნზე „ცხოვრება ჩემი“, რომელშიც მოგვითხრობს 6-8 წლის ასაკში ოჯახთან ერთად იაპონიის საკონცენტრაციო ბანაკში გატარებულ ორ წელზე.
მწერალთა სახლში დაგეგმილი წარდგენის გარდა, დაჩა მარაინი სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრაზე მწერალმა წარადგინა საკუთარი წიგნი „წერის სიყვარული“, რომლის საავტორო უფლება თავად მარაინიმ თსუ გამომცემლობას აჩუქა. გამოცემა დაიბეჭდა თსუ სტამბაში და უკვე ხელმისაწვდომია მკითხველისთვის.
თსუ რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ერეკლე ასტახიშვილმა, დაჩა მარაინი უნივერსიტეტთან წარმატებული თანამშრომლობისთვის თსუ-ის ოქროს მედლით დააჯილდოვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო, საელჩოს წარმომადგენლები და წიგნის მთარგმნელი ნუნუ გელაძე.
„ჩვენ ვართ ჩვენი ბედის მჭედელები“ – ამ სიტყვებით მიმართა დაჩა მარაინიმ თსუ-ის სტუდენტებს და გულწრფელად უპასუხა მათ შეკითხვებს.
მწერალი გიორგი ლობჟანიძე:
იტალიის ელჩთან შეხვედრისას დაჩა მარაინიმ მოჰყვა ამბავი, რომელიც მერე არცერთი შეხვედრისას აღარ გაუმეორებია.
პაზოლინი ახალი გარდაცვლილი იყო და მის დედასთან სამძიმრის სათქმელად მივედიო. დედამისმა, ყავას მოგიდუღებთო და ცოტა ხანში სამზარეულოდნ ლანგრით გამოვიდა, რომელზეც სამი ყავის ჭიქა იდო.
ორნი ვიყავით და მესამე ჭიქამ გამაკვირვა.
პაზოლინის დედამ კი მითხრა: “ეს მესამე ყავა პიერ პაოლოსთვისაა. ახლა ბაღშია, ყვავილებს რწყავს. ჩვენ დავიწყოთ ყავის სმა და ცოტა ხანში ისიც შემოგვიერთდება! ცხელი ყავის დალევა მაინც არ უყვარსო!”
დაჩა მარაინიმ გვითხრა: გავშრი! როგორ უნდა მეთქვა სამძიმარი ქალისათვის, რომელსაც სჯეროდა, რომ პიერ პაოლო ცოცხალი იყო და ჩვენ გვერდით ტრიალებდაო.

პაზოლინის დედამ შვილის სიკვდილოდან კიდევ ათ წელიწადს იცოცხლა. სხვათა შორის, ასევე მოუკლეს მეორე ვაჟიც, პიერ პაოლოს ძმა. ის კი არ აღიარებდა თავისი შვილების სიკვდილს და მათთან ერთად ცოცხლობდა…