“ჩვენ ვაგრძელებთ ზუსტად იქიდან, სადაც შევჩერდით…სამხედროები სრული ძალით დაუბრუნდნენ ბრძოლას” | გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც “ჰამასმა” ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, ს სამხედროები “სრული ძალით” დაუბრუნდნენ ბრძოლას.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში დაათვალიერა ღაზა ჰაერიდან და სასაზღვრო ზონა ხმელეთიდან. ისრაელის თავდაცვის ძალების განახლებული შეტევის შედეგებს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა “ძალიან შთამბეჭდავი” უწოდა.
“ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ზუსტად იქიდან, სადაც შევჩერდით…ათასობით ტერორისტი ლიკვიდირებულია, ათობით შტაბზე შეტევა განხორციელდა, ასობით ტერორისტი ავიყვანეთ და ამჟამად ისრაელში არიან. 110 მძევლის დაბრუნება მიღწევაა. მსოფლიოში არცერთ ჯარს არ მიუღწევია ასეთი შედეგისთვის ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ. ჩვენ ამას მივაღწიეთ ისრაელის თავდაცვის ძალების სიძლიერის გამო,” – ამბობს გალანტი.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. მასზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 200-მდე ადამიანი დაიღუპა, 240-მდე პირი კი “ჰამასმა” მძევლად აიყვანა. ტერორისტული დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით კი, ღაზაში 15 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. მათ შორის, დაახლოებით 6 000 ბავშვი.
კატარის მედიაციით, ისრაელმა და “ჰამასმა” ცეცხლის შეწყვეტის დროებით შეთანხმებას 23 ნოემბერს მიაღწიეს. ის 2-ჯერ გახანგრძლივდა და ჯამში 7 დღე გაგრძელდა. გავრცელებული მონაცემებით, ამ პერიოდში “ჰამასის” ტყვეობიდან გათავისუფლდა 110 ადამიანი. სანაცვლოდ, ისრაელის ციხეებიდან 300-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი გამოუშვეს.