„ჩემი მხრიდან რთულია საკუთარ ბიძაშვილზე საუბარი… მაგრამ როგორც თემურ ჭყონიამაც აღნიშნა, ადამიანს ხომ უნდა დაუფასო ისტორია, თუ რა აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული“, – ასე გამოეხმაურა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ბიზნესმენი კახა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების გამო, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის 8-8 თვით დაპატიმრებას.
„ჩემ ისტორიას თუ გადაავლებთ თვალს, მაქსიმალურად ვერიდებოდი მათზე საუბარს პირდაპირ ეთერში სწორედ ჩვენი ოჯახური კავშირის გამო. [ხაზარაძის დაპატიმრება] ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, როგორც ბიძაშვილისთვის, მაგრამ ნათესაური ფაქტორი გვერდზე გავწიოთ… მე და მამუკა ერთად გავიზარდეთ, ერთ ინსტიტუტში ვსწავლობდით სხვადასხვა ფაკულტეტზე და 90-იანებში, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, ერთად დავაფუძნეთ „თიბისი ჯგუფი“, მათ შორის ბადრი ჯაფარიძესთან ერთად… საკმაოდ ამაყი ვარ, რომ ამ ქვეყანაში ისტორია დავწერეთ“, – თქვა ბიზნესმენმა.
ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძემ BMG-სთან ინტერვიუში მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის, როგორც პოლიტიკოსების საქმიანობის შეფასებისგან თავი შეიკავა და აქცენტი გააკეთა მათ როლზე დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებაში.
„საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, რთული იყო, წარმოგვედგინა რა იყო ბიზნესი და როგორ უნდა გვეკეთებინა. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ვთქვით, რომ „თეთრი ბიზნესის“ გარდა სხვა ბიზნესს არ ვცნობთ და არ ვაღიარებთ… საკმაოდ ბევრი კაპიტალი შემოვიტანეთ ქვეყანაში და საკმაოდ გამართული ინსტიტუციები შევქმენით – „თიბისი ბანკით“ დაწყებული „ბორჯომის“ პროექტით დამთავრებული. 1997-98 წლამდე მე და მამუკა ხაზარაძე ერთად ვიყავით ბიზნესში, შემდეგ კი ჩვენი გზები გაიყო – მე სხვა მიმართულება ავირჩიე; დღეს, მეგობრული და ნათესაური ურთიერთობა მაკავშირებს, მაგრამ როგორც ბატონმა თემურ ჭყონიამაც აღნიშნა, ადამიანს ისტორია უნდა დაუფასო, თუ რა აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული?!
პოლიტიკურ ჭრილში შეფასებებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ როცა ამ ისტორიას საერთოდ ხაზს უსვამ საერთოდ და რაღაც საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების გამო, ადამიანს რომელსაც საკმაოდ დიდი ღვაწლი აქვს ქვეყნის აღმშენებლობაში მიღებული, ციხეში უშვებ, იქ სამართალზე საუბარი ზედმეტია… ან რომელ სამართალზე იმ ქვეყანაში, სადაც ჩვენი შვილების ასაკის ახალგაზრდები ჰყავთ დაჭერილი და გაუგებარ სიტუაციაში ამყოფებენ. იჭერენ ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს… დღეს, საქართველოში კანონი არ კანონობს და სამართალი არ არსებობს“, – განაცხადა კახა ხაზარაძემ.
