ჩვენ დავეშვით იმ დონეზე, სადაც ჟურნალისტური გმირობა ხშირად სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტში, ხოლო პროფესიული სიმამაცე – პოლიტიკოსის ოჯახის წევრების შეურაცხყოფაში გამოიხატება
“ჩვენ დავეშვით იმ დონეზე, სადაც ჟურნალისტური გმირობა ხშირად სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტში, ხოლო პროფესიული სიმამაცე – პოლიტიკოსის ოჯახის წევრების შეურაცხყოფაში გამოიხატება”- ასე ეხმიანება ირაკლი ყიფიანი ოპოზიციური მედიის ჟურნალისტების დაბარებას სასამართლოში, რომელიც პოლიტიკოსების საჯარო შეურაცხყოფის საქმეებს უკავშირდება.
“სიტყვის თავისუფლებიდან ცილისწამების ფუფუნებამდე: ქართული ჟურნალისტიკის სამსჯავრო
დიდი ამბავია ჩვენს ციფრულ თემში, დიდი და საგანგაშო: თავისუფალი სიტყვისთვის თავდადებულ, უშიშარ და მიუკერძოებელ ჟურნალისტებს სასამართლოში იბარებენ.
მიზეზი?
„Fეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტები, რომლებშიც, როგორც ჩანს, პოლიტიკოსთა ნაზი სმენა შეურაცხმყოფელი ეპითეტებისგან დაზარალდა. ერთი შეხედვით, სახეზეა კლასიკური ტრაგედია – ძალაუფლება ცდილობს, ჩაახშოს კრიტიკული აზრი. მაგრამ მოდით, ერთი წამით შევჩერდეთ, გულზე ხელი დავიდოთ და ვკითხოთ საკუთარ თავს: ზუსტად რას იცავს კანონი ამ შემთხვევაში და რას ვგლოვობთ ჩვენ – ჟურნალისტიკის დაცემას თუ იმ „ფუფუნების“ შეზღუდვას, რომელსაც ზოგიერთი „ცილისწამების თავისუფლებას“ უწოდებს?
სანამ თავისუფალი სიტყვისთვის წამებულთა მანტიას მოვასხამთ ყველას, ვისაც ხელში მიკროფონი ან კლავიატურა უჭირავს, აუცილებელია, გავიხსენოთ, რა არის ჟურნალისტიკა თავისი პირველყოფილი, თითქმის საკრალური მნიშვნელობით.
ისტორიას ახსოვს დრო, როცა ჟურნალისტიკა მართლაც იყო მეოთხე ხელისუფლება, არა ცარიელი სიტყვებით, არამედ საქმით. ეს იყო ბობ ვუდვორდისა და კარლ ბერნსტაინის დაუღალავი, თვეების განმავლობაში კაბინეტებში და ავტოფარეხებში ჩატარებული გამოძიება, რომელმაც „უოტერგეიტის სკანდალით“ ამერიკის პრეზიდენტი გადააყენა. ეს იყო ედუარდ მაროუს ფოლადისებრი სიმშვიდე და გამბედაობა, როდესაც ტელეეკრანიდან პირდაპირ ეთერში ამხილა სენატორი ჯოზეფ მაკარტი და მისი „კუდიანებზე ნადირობა“, რითაც მილიონობით ადამიანის თვალწინ დაასრულა დემაგოგიის ეპოქა. ჟურნალისტიკა იყო უოლტერ კრონკაიტის ერთი ფრაზა ვიეტნამის ომზე, რომელმაც, როგორც ამბობენ, პრეზიდენტ ჯონსონს ათქმევინა: „თუ კრონკაიტი დავკარგე, ეს ნიშნავს, რომ ამერიკა დავკარგე“. ჩვენს რეალობაშიც იყვნენ ადამიანები და თაობები, რომლებისთვისაც პროფესიული ღირსება გინებაზე და ლანძღვაზე მაღლა იდგა.
ამ ინტელექტუალური და მორალური მწვერვალებიდან, ჩვენ დავეშვით იმ დონეზე, სადაც ჟურნალისტური გმირობა ხშირად სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტში, ხოლო პროფესიული სიმამაცე – პოლიტიკოსის ოჯახის წევრების შეურაცხყოფაში გამოიხატება.
ის, რასაც დღეს ხშირად ვხედავთ, ამ კლასიკური მოდელის კარიკატურაა. ეს არის ე.წ. „ზონდერ-ჟურნალისტიკა“, ფენომენი, როდესაც რედაქცია პოლიტიკური შტაბის ფილიალად, ხოლო ჟურნალისტი – პარტიული დავალებების შემსრულებელ „შავრაზმელად“ იქცევა. ასეთი „ჟურნალისტის“ მიზანი არა სიმართლის დადგენა, არამედ ოპონენტის მორალური განადგურებაა. მისი მეთოდოლოგია ცილისწამება, იარლიყების მიწებება და საზოგადოებრივი აზრის პოლარიზებაა. ის არ ქმნის საინფორმაციო ველს, არამედ აწარმოებს ინფორმაციულ კვამლს, რომელშიც ფაქტი და სიცრუე ერთმანეთისგან განურჩეველია.
როდესაც ასეთი „სიტყვის თავისუფლებით“ აღჭურვილი პერსონაჟი სასამართლოს წინაშე აღმოჩნდება, ეს არ არის თავდასხმა მეოთხე ხელისუფლებაზე. ეს არის სამართლებრივი ბუმერანგი, რომელიც უბრუნდება არა კრიტიკულ აზრს, არამედ უპასუხისმგებლო ცილისწამებას.
ეს ტრაგედია ბევრად უფრო ღრმაა და მისი ფესვები განათლების სისტემის გახრიოკებულ ნიადაგშია. სად უნდა ისწავლოს ახალგაზრდამ, რომელსაც ჟურნალისტობა სურს, პროფესიის ეთიკური და ინტელექტუალური სტანდარტები? იმ ფაკულტეტებზე, რომლებიც ხშირად თეორიასაა აცდენილი და ვერ ამარაგებენ სტუდენტებს კრიტიკული აზროვნების აუცილებელი ინსტრუმენტებით? იმ მენტორებისგან, რომლებიც თავად არიან ამ პოლარიზებული და დეგრადირებული ეკოსისტემის პროდუქტები? ეს იგივეა, ქირურგია ჯალათის ყურებით ისწავლო – ორივე სხეულს კვეთს, მაგრამ ერთი სიცოცხლეს ემსახურება, მეორე – სიკვდილს.
დღეს ქართულ მედიაში პროფესიონალთა კრიტიკული მასა თითქმის გამქრალია. ისინი, ვინც ჯერ კიდევ ინარჩუნებენ სტანდარტს, ხშირად მარგინალიზებულნი არიან, რადგან მათი გაწონასწორებული, ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი ვერ უწევს კონკურენციას იმ ყვირილს, ისტერიასა და ციფრულ სანაგვეს, რომელსაც „ზონდერ-ჟურნალისტიკა“ აწარმოებს. შეიქმნა მანკიერი წრე: მედია ასაზრდოებს პოლარიზებულ საზოგადოებას, ხოლო პოლარიზებული საზოგადოება ითხოვს არა ობიექტურ ინფორმაციას, არამედ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების დადასტურებას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს „ზონდერ-მედიის“ პოზიციებს.
ამიტომ, როდესაც ვხედავთ სასამართლოში დაბარებულ „ჟურნალისტს“, რომელიც „ფეისბუქ-პოსტის“ გამო წუხს, მოდით, ნუ ვიჩქარებთ განგაშის ზარების რეკვას. მოდით, დავსვათ უფრო მტკივნეული კითხვები: ეს ადამიანი ჟურნალისტია თუ პარტიული აქტივისტი? მისი პოსტი კრიტიკაა თუ ცილისწამება? და ყველაზე მთავარი – ხომ არ არის მისი გამოძახება სასამართლოში არა დემოკრატიის კრიზისის, არამედ თავად პროფესიის ღრმა კრიზისის, მისი შინაარსობრივი გამოფიტვის და განათლების სისტემის კოლაფსის ყველაზე თვალსაჩინო და ლოგიკური შედეგი?
შესაძლოა, ეს არ არის თავისუფალი სიტყვის სამსჯავრო. შესაძლოა, ეს თავად ჟურნალისტიკის სამსჯავროა, რომელიც საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანს. ხოლო ისინი, ვინც დღეს სასამართლოს წინაშე დგანან, უბრალოდ ამ ახალი, მახინჯი ეკოსისტემის პირველი, ყველაზე ხმაურიანი მსხვერპლნი კი არა, მისი ყველაზე ლოგიკური პროდუქტები არიან.- წერს ირაკლი ყიფიანი.