ევროპული ფარმაცევტული კომპანიები ემზადებიან აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გეგმის ძალაში შესვლისთვის, რომელიც ევროკავშირიდან შტატების ბაზარზე იმპორტირებულ წამლებზე საბაჟო გადასახადის 250%-მდე ზრდას ითვალისწინებს.
ტრამპის განცხადებით, ევროპიდან წამლების ექსპორტზე ახალი გადასახადები დაახლოებით მომავალი კვირიდან ამოქმედდება. ამ განცხადებამ მიმდინარე კვირაში ფარმაცევტული კომპანიების აქციების ვარდნა გამოიწვია. ოთხშაბათს Stoxx Health Care-ის ინდექსი 2,8%-ით დაეცა, რაც აპრილის შუა პერიოდის შემდეგ მინიმალური მაჩვენებელია.
ინვესტორები ტრამპის გეგმებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ აპრილიდან მოყოლებული არიან შეშფოთებულები, როცა შტატების პრეზიდენტმა პირველად გამოაცხადა მკაცრი გადასახადების შემოღებისთვის მზადების შესახებ ბევრი ქვეყნისა და დარგისთვის. თუმცა მაშინ არა 250, არამედ 25%-იან ტარიფებზე საუბრობდა. მაშინ მან ასევე განაცხადა, რომ აპირებდა წამლების ევროპელ მწარმოებლებზე ზეწოლის გაზრდას, რათა ისინი იძულებულნი გამხდარიყვნენ, თავიანთი წარმოებები აშშ-ში გადაეტანათ.
რამდენიმე დღის წინ კი ტრამპმა ეს მუქარა გაიმეორა და უკვე გაცილებით მაღალი პროცენტები დაასახელა. CNBC-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ თავდაპირველად ფარმაცევტულ პრეპარატებზე დაწესდება მცირე ტარიფი, ერთი წლის შემდეგ – მაქსიმუმ კი წელიწად-ნახევრის შემდეგ – 150 პროცენტით გაიზრდება, რასაც 250%-იანი ზრდა მოჰყვება.
„ჩვენ გვსურს, რომ ფარმაცევტული პრეპარატები ჩვენს ქვეყანაში იწარმოებოდეს,“ – განაცხადა ტრამპმა.
რამდენიმე ევროპულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ აპირებს ტრამპის მოთხოვნის შესრულებას. მაგალითად, ბრიტანულმა AstraZeneca-მ გამოაცხადა, რომ აშშ-ის ბაზარზე 50 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. შვეიცარიულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა Roche-მ და Novartis-მა ასევე განაცხადეს, რომ ამერიკაში წამლების წარმოებაში აქტიურ ინვესტირებას გეგმავენ.
წყარო:jandacva.ge
