„პირბადეების საქმის“ პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, გამოძიებას კითხვა აქვს თუ რისგან იცავდნენ თავს არასამთავრობო ორგანიზაციები, როდესაც თანამშრომლებისთვის აქციებზე დამცავ საშუალებებს ყიდულობდნენ.
ამის შესახებ მან დღეს, 8 სექტემბერს, სასამართლოსთან განაცხადა, სადაც „პირბადეების საქმეზე“ ამჯერად „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ხელმძღვანელი, ლევან ნატროშვილი გამოჰკითხეს.
პროკურორი ირიბად მიუთითებს, რომ დამცავი სათვალეები „პოლიციასთან ჭიდაობის“ მიზნით იყო შეძენილი, მაშინ, როცა საპროტესტო აქციაზე ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა და მოიწამლა და სწორედ ამის პრევენციით ხსნიან არასამთავრობო ორგანიზაციები თანამშრომლებისთვის კანონით ნებადართული საშუალების შეძენას.
„წინასწარ რა საჭიროა სახის დამცავი ნიღბების ან თუნდაც რესპირატორების შეძენა, თუ თქვენ განწყობილი ხართ იმისთვის, რომ მხოლოდ მშვიდობიანად გააპროტესტოთ. ისინი [არასამთავრობო ორგანიზაციები] ხსნიან, რომ ეს არის თავდაცვის საშუალებები და ჩვენ გვაინტერესებს ვისგან იცავდნენ თავს?
დავუშვათ, თუ რამე ექსცესი იქნება, თუ პოლიცია ამბობს, რომ დაიშალეთ, ისინი უნდა დაემორჩილონ და დაიშალონ და მაშინ ბუნებრივად ისმის კითხვა, რა საჭიროა ეს დამცავი სათვალეები და რესპირატორების კომპლექტები, თუ არა პოლიციასთან ჭიდაობა, წინააღმდეგობის გაწევა და ა.შ…
ISFED არც მალავს ამ აქციებში მონაწილეობას და რესპირატორების და სახის დამცავი საშუალებების [შეძენას], ასევე შეძენილი აქვთ ხმის გამაძლიერებელი, ხმამაღლა მოლაპარაკე. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვეულებრივად აქციის მონაწილეები იყვნენ და დაკვირვების კუთხით არ შემოიფარგლებოდნენ“, – განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.
თუმცა პროკურორიც ადასტურებს, რომ სახის დამცავი სათვალეების და რესპირატორების შეძენა დანაშაული არ არის.
„არა, დანაშაული არ არის [სახის დამცავი სათვალეების და რესპირატორების შეძენა], მაგრამ როდესაც პოზიციონირება არის, რომ ისინი არიან მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, წინასწარ რა საჭირო არის სახის დამცავი ნიღბების ან რესპირატორების შეძენა, თუ თქვენ განწყობილი ხართ იმისთვის, რომ მხოლოდ მშვიდობიანად გააპროტესტოთ“, – განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.
ISFED-ის ხელმძღვანელის, ლევან ნატროშვილის განცხადებით, სასამართლოში დაკითხვისას მას კითხვები საპროტესტო აქციებში ორგანიზაციის ჩართულობაზე დაუსვეს.
„მათ აინტერესებთ ჩვენი როლი რა იყო საპროტესტო აქციებში – ვმონაწილეობდით თუ არა, ვაორგანიზებდით თუ არა, რამეს ვყიდულობდით თუ არა… ასეთი კითხვები იყო ძირითადად დასმული… ჩვენს განცხადებებში ხელისუფლების შეცვლაზე არ იყო საუბარი. საუბარი იყო კრიზისის განმუხტვაზე და ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნულიყო. ამის შესახებ ვისაუბრეთ.
რაც შეეხება კონკრეტული საშუალებების ყიდვას, აქაც განვაცხადეთ, რომ ვიყიდეთ იმ თანამშრომლებისთვის, რომლების საპროტესტო აქციების მონიტორინგს ახორციელებდნენ. მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო ამ კონკრეტული ნივთების ძალიან მცირე რაოდენობით შეძენის მიზანი“, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე უამრავი ადამიანი დაშავდა საპოლიციო საშუალებებითა და გაზით. დაშავდნენ ისინიც, ვინც “ქართული ოცნების” ხელისუფლების შეფასებით მშვიდობიანად აპროტესტებდა გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის შეჩერების თაობაზე და ისინიც, ვინც პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ. ცრემლსადენი გაზისგან პოლიციელებიც დაზიანდნენ.
27 აგვისტოს პროკურატურის მოთხოვნით, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. ორგანიზაციებისთვის ყადაღის დადება პროკურატურამ „საბოტაჟის“ შესახებ გამოძიების ფარგლებში მოითხოვა. აღნიშნული გამოძიება პროკურატურაში ვატო შაქარაშვილის მოძრაობის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
· „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“,
· „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“
· „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“,
· „დემოკრატიის მცველების“ ,
· „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“,
· „საფარის“
· „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“.
პროკურატურის განცხადებით, ორგანიზაციებისთვის ყადაღის დადება მოითხოვა, რადგან გაზაფხულის აქციების დროს, მათ აქციის მონაწილეებისთვის სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები შეიძინეს და ასევე, დახმარება გაუწიეს დაჯარიმებულ ადამიანებს ჯარიმის გადახდაში და დაკავებულ პირებსა და მათ ოჯახებს.
პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ შესყიდვის დოკუმენტები გამოაქვეყნა იმის “დასტურად”, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ანგარიშები დაუყადაღეს, „ძალადობრივ აქციებს ორგანიზებას და დაფინანსებას“ უწევდნენ.
27 აგვისტოს „იმედმა“ 5 არასამთავრობო ორგანიზაციის შესყიდვების დოკუმენტაცია გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციებზე სიუჟეტის ავტორის, სოფო ბერიძის განცხადებით, დოკუმენტები „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა“. საუბარია: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“, „დემოკრატიის მცველების“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შესყიდვებზე.
„იმედის“ ინფორმაციის თანახმად, ამ 5 ორგანიზაციამ აქციების დროს პირბადეებზე, რესპირატორებზე და სხვა დამცავ საშუალებებზე ჯამში, სულ დაახლოებით, 7 500 ლარი დახარჯა.
28 აგვისტოს „იმედმა“ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) წინააღმდეგ არსებული „მტკიცებულებებიც“ გამოაქვეყნა. „იმედის“ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ISFED-მა 2024 წლის 1 მაისს 18 რესპირატორის და 20 დამცავი სათვალე შეიძინა, რაშიც 1200 ლარზე მეტი გადაიხადა.
· “საბოტაჟი” 7500 ლარით? – “იმედმა” ყადაღადადებული ორგანიზაციების შესყიდვების დოკუმენტი გამოაქვეყნა




