ჩვენ არ მოგვითხოვია ალ-შიფას ევაკუაცია, ეს საავადმყოფოს დირექტორმა ითხოვა – ისრაელის არმია

ისრაელის არმია აცხადებს, რომ მათ არ მოუთხოვიათ ღაზის სექტორში ერთ-ერთი უდიდესი საავადმყოფოს ალ-შიფას ევაკუაცია და ისინი დათანხმდნენ კლინიკის დირექტორის თხოვნას, დახმარებოდნენ ევაკუაციაში.
18 ნოემბრის დილას, სხვადასხვა მედიასაშუალება წერდა, რომ ს სამხედრო ძალებმა თავად გასცეს კლინიკის სასწრაფო ევაკუაციის ბრძანება. როგორც AFP-ის ჟურნალისტი იტყობინებოდა, სავალდებულო ევაკუაციის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა ხმის გამაძლიერებლის საშუალებით. ისრაელის სამხედროების ბრძანების შესახებ იტყობინებოდა „ალ ჯაზირა“ და „ალ არაბიაც“.
BBC-ისთვის მიცემულ კომენტარში, ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათ კლინიკაში მყოფი პაციენტებისა და ექიმებისთვის ევაკუაცია არ მოუთხოვიათ:
„დღეს დილით ჩვენ დავაკმაყოფილეთ კლინიკის დირექტორის თხოვნა, რომ ღაზის მცხოვრებლებს, რომლებიც ბოლო პერიოდში საავადმყოფოს აფარებდნენ თავს და სურდათ ევაკუაცია, უსაფრთხო მარშრუტით შესძლებოდათ ტერიტორიის დატოვება. ისრაელის არმიას ერთხელაც არ გაუცია პაციენტებისა და ექიმების ევაკუაციის ბრძანება. მედპერსონალი დარჩება კლინიკაში, რათა დაეხმაროს იმ პაციენტებს, რომლებსაც ევაკუაცია არ შეუძლიათ. ღამით არმიამ კლინიკას დამატებით მიაწოდა წყალი და ჰუმანიტარული დახმარება“, – ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში, რომელსაც BBC აქვეყნებს.
ისრაელის არმია უკვე რამდენიმე დღეა აწარმოებს სამხედრო ოპერაციას ალ-შიფას კლინიკაში, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, რომლის ქვეშაც, მათი ვერსიით, განთავსებულია რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ ერთ-ერთი სამმართველო პუნქტი. მანამდე, ისრაელის არმიამ გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტო, რომელზეც, მათი მტკიცებით, აღბეჭდილია საავადმყოფოს ქვეშ მდებარე გვირაბები და ამასთანავე, ჟურნალისტებს აჩვენა ალ-შიფას ტერიტორიაზე არსებული შეიარაღება.
გარდა ამისა, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ საავადმყოფოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ორი მძევლის ცხედარი, რომლებიც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს, ისრაელიდან გაიტაცა.
„ჰამასი“ კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საავადმყოფოს მისი მებრძოლები ფარად იყენებდნენ.
მიმდინარე კვირაში, გაერომ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ უკიდურესი შეშფოთება გამოხატა საავადმყოფოს პაციენტებისა და მედპერსონალის მდგომარეობის შესახებ.
7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ