„ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას!“ – რაზე უჩივის „ბრიტანულ-ქართული აკადემია” ირაკლი გილაურის „ჯორჯიან კაპიტალს“

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ პარტნიორებს შორის დავა გრძელდება. საუბარია, საგანმანათლებლო დაწესებულების დამფუძნებლებსა და 2019 წლიდან აკადემიის პარტნიორ „ჯორჯიან კაპიტალს“ შორის მიმდინარე სამართლებრივ პროცესზე, რომელიც საქართველოს ფარგლებსაც გასცდა. როგორც „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ სამართლებრივმა წარმომადგენელმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, „ჯორჯიან კაპიტალმა“ აკადემიის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები 6 წლის განმავლობაში არ შეასრულა. კერძოდ, იმედა დვალიძის თქმით, პარტნიორმა კომპანიამ ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიციები არ განახორციელა, რითაც „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ განვითარება შეაფერხა.
დავის წამოწყების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ „ჯორჯიან კაპიტალმა“, არ შეასრულა ის ვალდებულებები, რომელიც დაახლოებით, 6 წლის წინ იკისრა (როცა ის გახდა პარტნიორი). კერძოდ, მისი ვალდებულება იყო განეხორციელებინა ინვესტიციები „ბრიტანულ ქართულ აკადემიაში“. თავის მხრივ, „ბრიტანულ-ქართული“ აკადემია 20 წელზე მეტია საქართველოში წარმატებით ოპერირებს, კომპანია ახერხებდა განვითარებას თავის რესურსით, უბრალოდ, როდესაც 2019 წელს გაჩნდა შეთავაზება, რომ პარტნიორად შემოსულიყო აღნიშნული ორგანიზაცია, კომპანიის დამფუძნებლები დათანხმდნენ. მართალია, ეს იდეა თავიდანვე მაინც და მაინც მისაღებად არ მიაჩნდათ, მაგრამ საბოლოოდ გადადგეს ეს ნაბიჯი. მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ „ჯორჯიან კაპიტალი“, ჭარბი თანხის ინვესტირებით, ისედაც განვითარებად და მზარდ კომპანიაში, უფრო სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფდა. თუმცა, ბოლო 6 წელი ისე მიილია, კომპანიამ [„ჯორჯიან კაპიტალმა“] აღებული ვალდებულებები არ შეასრულა. მას რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ოდენობით უნდა განეხორციელებინა ინვესტიციები, აშენებულიყო ახალი კამპუსები და კიდევ უფრო მეტად განვითარებულიყო ინფრასტრუქტურა. ამ კუთხით არცერთი ნაბიჯი „ჯორჯიან კაპიტალის“ მხრიდან არ გადადგმულა, რაც სარჩელის საფუძველი გახდა,“ – განაცხადა იმედა დვალიძემ.
მისივე ინფორმაციით, „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი პარტნიორების მხრიდან იყო მცდელობა, რომ დავის გარეშე აღდგენილიყო „სტატუს-კვო“ და პარტნიორობიდან გასულიყო „ჯორჯიან კაპიტალი“, თუმცა ეს უკანასკნელი წილების გამოსყიდვას არ დათანხმდა. ამიტომ, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, სამართლებრივი პროცესი გაგრძელდება საქართველოშიც და დიდ ბრიტანეთშიც. ამავდროულად, ამ დავასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებას მოვახდენთ როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ. ასევე, ინფორმაციას მივაწვდით „ჯორჯიან კაპიტალის“ აქციონერებსაც,“- განაცხადა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ სამართლებრივმა წარმომადგენელმა გადაცემაში „საქმე“.
ცნობისთვის, შპს ბრიტანულ-ქართული აკადემიის 30%-იან წილს ფლობს ნათია ჯანაშია, ხოლო 70%-ს შპს საქართველოს განათლების ჯგუფი, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც თავის მხრივ სააქციო საზოგადოება „ჯორჯიან კაპიტალია“.
(R)