“ჩვენ ამ ვაჭრობაში არ შევდივართ რუსულ რეჟიმთან” – კუპრაძე ყაველაშვილის შეთავაზებაზე

“ქართული ოცნების” პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას ეხმაურება “ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე. ის ამბობს, რომ არ აპირებენ ვაჭრობას “რუსულ რეჟიმთან”.
საქმე ეხება ყაველაშვილის განცხადებას, რომ ის შეიწყალებს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს იმ პირობით, თუ ისინი 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.
“ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ კუპრაძის განცხადებას.
“ჩვენ მოვისმინეთ რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პრეზიდენტის მხრიდან სასაცილო და უბადრუკი მცდელობა ივაჭროს პოლიტიკური ლიდერების თავისუფლებით. ჩვენ ამ ვაჭრობაში არ შევდივართ რუსულ რეჟიმთან! მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს შესაძლებლობა დავეკონტაქტოთ პატიმრობაში მყოფ ჩვენს ლიდერებს, მე, როგორც “ლელოს” გენერალური მდივანი, ვიცი რა რა ღირებულებებით ცხოვრობენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რა პრინციპებით და ღირსებით იცავენ ქართველი ხალხის ინტერესებს და სჯერათ ბრძოლის და გამარჯვების, მათთან შეუთანხმებლად, თუმცა რწმენით, რომ ეს არის 100% მათი პოზიცია ვაცხადებ, არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება! ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით! თავის მხრივ, ყაველაშვილის ეს უბადრუკი მცდელობა არის ივანიშვილის შიშების დემონსტრირება, მორალური დილემებით გაართულოს ოპოზიციის მიერ გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა – ვიბრძოლოთ ყველა ველზე. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მივმართავთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, კვლავ ვცადოთ ერთიანობა და ავუსრულოთ მთავარი შიში ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს – ივანიშვილს ეშინია ერთობის და ეშინია საერთო ბრძოლის!”, – წერს კუპრაძე.
ბოლო რამდენიმე კვირაში “ქართულმა ოცნებამ” 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააპატიმრა. მათგან ორი – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე “ძლიერი საქართველოს” ლიდერები არიან. დაპატიმრებამდე ისინი გამოთქვამდნენ მზაობას, ოპოზიცია შეთანხმებულიყო და მონაწილეობა მიეღოთ ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში. ამ ინიციატივას საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.
“ძლიერი საქართველოს” გარდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრობენ “გახარია – საქართველოსთვის” წევრებიც.
ამავე თემაზე:
· ISSA – მოსახლეობის 54% მხარს უჭერს არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას