ჩვენ ამერიკელ ხალხს 30 წელია ვაჩვენებთ მეგობრობას და გვერდში დგომას. ჩვენ ამერიკელი ხალხისთვის ბევრი გვაქვს გაკეთებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მან მაგალითად ავღანეთში NATO-ს მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობა დაასახელა.
„სამწუხაროდ, კონგრესში ვნახეთ ანტიქართული განცხადებების ნიაღვარი, ჩვენ ამერიკელ ხალხს 30 წელია ვაჩვენებთ მეგობრობას და გვერდში დგომას. ჩვენ ამერიკელი ხალხისთვის ბევრი გვაქვს გაკეთებული. ქართველი ხალხი ამერიკელებს გვერდში დაუდგა მათ შორის საერთაშორისო მისიებში. მაშინ, როდესაც NATO-ს ბევრი წევრი ქვეყნის წარმომადგენელი ავღანეთში შტაბიდან ცხვირს არ ყოფდა, ქართველი ჯარისკაცები, ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად წინა ხაზზე იბრძოდნენ. ამის საპასუხოდ რომ ვხედავთ საქართველოს ასეთ დამცირებას, დამცირების მცდელობას, რა თქმა უნდა, სამწუხაროა.
როცა ვხედავთ ჩვენ დეზინფორმაციას მიხეილ სააკაშვილთან, არჩევნებთან დაკავშირებით, სამწუხაროა. როცა ჩვენ ვხედავთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ცდილობენ რომ უცხო ქვეყანაში დაამცირონ სამშობლო, სამწუხაროა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.