“ჩვენც მეტი ჯავშანი გვაქვს” – სააკაშვილის წერილი და ღონისძიება ნიკა მელიას გარეშე
“ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავის ღონისძიებას ნიკა მელია არ დაესწრო. სავარაუდოდ, მანიფესტს პარტიის ყოფილი თავმჯდომარე და მისი თანამებრძოლები ხელს არ მოაწერენ.
პარტიიდან არავის გარიცხვას არ ვაპირებთ, მაგრამ ბუნებრივია მათ თავისი გზა ექნებათ, – ეს გზავნილი მელიას გუნდმა დღეს პარტიიდან მიიღო.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილი “ვივა მედიდან”, “ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იგორ ნარმანიამ წაიკითხა:
“კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენის, ვარდების რევოლუციის 20 წლის იუბილეს. ვარდების რევოლუციამ მყარად დააბრუნა საქართველო მსოფლიო რუკაზე.
ჩვენ ვარდების რევოლუციით კორუფციას, კრიმინალს, უიმედობასა და რუსეთს ვუთხარით – არა!
დსთ-ს სივრცეში პირველად ამ პატარა საქართველომ გაბედა და სწორედ ამიტომ გვიწოდა თბილისში ჩამოსულმა ამერიკის პრეზიდენტმა მთელი მსოფლიოს დემოკრატიის შუქურა.
ახლაც ზუსტად ასევე ვეტყვით ოლიგარქს, რუსეთს, უიმედობასა და უპერსპექტივობას არას!
დაიმახსოვრეთ, განსხვავება ივანიშვილისა და შევარდნაძე-აბაშიძის რეჟიმებს შორის არის მხოლოდ სპეცრაზმის ეკიპირებაში, მაგრამ ჩვენც მეტი ჯავშანი გვაქვს. ჩვენი ჯავშანი არის მეტი გამოცდილება, ბევრად უფრო მაგარი, ახალი თაობა და ცივილიზებული დემოკრატიული სამყაროს ტოტალური მხარდაჭერა.
ჩვენ უნდა განვახორციელოთ ტოტალური შეტევა ოლიგარქიაზე და გვახსოვდეს, რომ ჩვენს ტოტალურ შეტევას ექნება ტოტალური საერთაშორისო მხარდაჭერა.
აქ საკითხი ზუსტად ასე დგას: ან ოლიგარქი, ან საქართველო და გამარჯვება. ჩვენ ვირჩევთ გამარჯვებას, ესე იგი ვირჩევთ საქართველოს.”