ფოტო – პუბლიკა
სინდისის პატიმრის დედა, ნანა წულაია, გიორგი მინდაძის მიმართ გამოტანილ 5 წლიან განაჩენს ეხმაურება და ამბობს:
“არც არაფრის მეშინია, არც ამ 5 წლის მეშინია. გალუსტაშვილმა არ იცის დედა რას ქვია. იმან რა იცის დედა-შვილის სიყვარული.მიუსაჯა. ეგ არაფერი არ არის, არავინ არ ინერვიულოთ, 5 წელი 5 დღე იქნება, ესენი ყველა მალე დასრულდებიან. ამათმა რა იციან ჩემი ცრემლის ფასი, იმიტომ, რომ გულისტკივილი არ იციან. ჩვენ ვართ პატრიოტი ქართველები, რომლებსაც პატრიოტობისთვის გვისჯიან არამცოდნეები და უდიპლომო ხალხი. პრეზიდენტი შეიწყალებსო მეუბნება, პრეზიდენტი სად გვყავს ხალხო? გალუსტაშვილის ნათქვამია ეს. ჩვენ ვართ ყველაზე მაგარი დედები, ჩვენ შვილებს აქვთ ჩვენი იმედი და ჩვენ აუცილებლად გამოვიყვანთ ჩვენს ბიჭებს, საქართველო გაბრწყინდება და წავა წინ. ნურავის ნუ გეშინიათ. რკინის ქალამნებს ჩავივამ, მოვივლი მთელ ქვეყანას და არ გავჩერდები და ჩვენს დიდ სახლში რუსთაველზე ვიქნებით ყველა, ერთიანად, ჩახუტებულები. ხო ხედავენ ჩვენს ერთიანობას 8 თვის განმავლობაში, ნათესაური კავშირივით რომ ვართ მთელი მშობლები, ძალა ერთოაბშია!” – განაცხადა ნანა წულაიამ.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის პატიმარი, 21 წლის სტუდენტი, გიორგი მინდაძე დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გიორგი მინდაძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მინდაძე პიროტექნიკის საშუალებით პოლიციელს თავს დაესხა, რის შედეგადაც პოლიციელმა ფეხზე დაზიანება მიიღო.
