რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, HoReCa სექტორში ფასების ზრდა არ შეჩერდება. როგორც მან გადაცემა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა, საქართველო ძვირი ქვეყანა უნდა გახდეს, რადგან ტურისტებისთვის იაფფასიანი ბაზარი არ იყოს.
მისივე შეფასებით, საქართველოში ფასები და სერვისი რაც უფრო შესაბამისობაში იქნება, მით უფრო მეტად განვითარდება ტურიზმი.
“ჩვენ გავიზარდეთ მომხმარებლებთან ერთად. ის, რაც 10 წლის წინ იყო დამაკმაყოფილებელი, დღეს უკვე ასე აღარ არის. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც შესაძლოა ფასების ზრდა გამოიწვია. ამასთან, ხელფასების შედარებაც კი არ შეიძლება დღეს რა ხელფასზე მუშაობს ადამიანი და რა ხელფასები იყო ადრე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ დიდად დამოკიდებული ვართ იმპორტულ პროდუქტზე. HoReCa სექტორის თითქმის 70% სწორედ იმპორტული პროდუქციით მარაგდება. სამწუხაროდ, როდესაც ეს ყველაფერი ევროში და დოლარშია შეძენილი და ძვირდება – ეს ჩვენს სექტორში ფასების ზრდას იწვევს.
ხარისხი და ფასი ერთმანეთის შესაბამისი უნდა იყოს. ტურისტული ქვეყანა ვართ. ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ ბიზნესშეხვედრების ჰაბად იქცეს, რომლებიც უფრო მაღალ სტანდარტებს ითხოვენ. ამ წუთში სამწუხაროდ, ამ კრიტერიუმებს ვერ ვაკმაყოფილებთ.
ტურისტული კუთხით საქართველოს მთელი ტერიტორია ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება. ამას ხელს უწყობს პირდაპირი ფრენები.
გარდა ამისა, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ სარესტორნო სფერო აღარ არის მხოლოდ საქეიფო ადგილი და გადავდივართ, როგორც დასასვენებელი ადგილის მიმართულებაში, რაც ასევე, მომხმარებლის ქცევის ცვლილებაზე მიუთითებს”, – აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
bp.ge




