“ჩვენს სექტორში მძიმე სიტუაციაა, რესტორნები იკეტება” – ქეთი ბაქრაძე

რესტორატორ ქეთი ბაქრაძის თქმით, სარესტორნო ბიზნესში ვითარება მძიმდება, რაზეც ორმა მთავარმა ფაქტორმა იმოქმედა. როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში ბაქრაძე ამბობს, პირველი – ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარებაა, ხოლო მეორე – რუსების მიერ გახსნილი კვების ობიექტების მომრავლება.
„ჩვენს სექტორში ძალიან მძიმე სიტუაციაა რამდენიმე მიზეზის გამო. ერთია ის, რა ვითარებაც არის ქვეყანაში – პოლიტიკური კუთხით. მეორე – ძალიან დიდი როლი ითამაშა 2022 წელს შემოსული რუსების მიერ გაკეთებულმა კვების ობიექტებმა, მათ გახსნეს რესტორნები, კაფეები, ბარები. ძალიან დიდი ინვესტიციები აქვთ დახარჯული და მაღალ ხარისხზეც მუშაობენ. ჩვენ კონკურენციას კარგად ვერ ვუწევთ, ვინაიდან კარგად აქვთ აწყობილი სერვისი.
რაც შეეხება პოლიტიკურ დაძაბულობას, ამ ვითარებაში არავის აქვს რესტორნებში სიარულის თავი, შეიძლება ვიღაცას მოშივდეს, და სადმე ლანჩზე შევიდეს, მაგრამ საერთო ჯამში, მძიმე ვითარებაა. ბევრი რესტორანი იკეტება. ამას ემატება ფასების ზრდა და ა.შ“, – აღნიშნა ქეთი ბაქრაძემ.
მისივე თქმით, თავადაც დახურა კვების ობიექტი და საკონსულტაციო მიმართულებაზე გადაერთო, ვინაიდან შექმნილ ვითარებაში სარესტორნო ბიზნესის განვითარების პერსპექტივა ვერ დაინახა.
„ახალი წლის შემდეგ პატარა ბისტროც დავხურე, სტაბილურობა არ იყო. მივხვდი რომ ზარალში მივდიოდი, ამიტომ დროებით დავხურე. ახლა ახალ სერვისზე ვფიქრობ, რომელიც მზა კერძების შეკვეთა/გატანაზე იქნება ორიენტირებული, ვაპირებ რომ სექტემბერში გავხსნა. ახლა კონცეფციაზე ვმუშაობ. ეს უფრო პერსპექტიული მგონია ამ ეტაპზე. რესტორნის მუშაობის პერსპექტივას კი ვერ ვხედავ, თუ დიდი ქსელი არ ხარ“, – აღნიშნა მან.
რესტორატორმა სექტორში არსებულ ბოლო 5-6-წლიან ტენდენციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურათი მნიშვნელოვნად შეცვლილია.
„პანდემიამდე რა სიტუაციაც იყო, ასე აღარ არის. აბსოლუტურად შეცვლილია სურათი. ყველას სახლში უნდა საკვები. წლის ბოლომდე ალბათ კიდევ ბევრი რესტორანი დაიკეტება, ვინაიდან არ არის სტაბილური. მარტო პარასკევი და შაბათი რესტორნისთვის არ არის საკმარისი, რომ ყველა ხარჯი გაისტუმროს. ყოველდღიურობა არ არის, როგორც ეს ადრე იყო. სტაბილურობა მოარღვია ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ. გასული წლის სექტემბრის თვეში გაცილებით სხვა სიტუაცია იყო, მას შემდეგ სულ უფრო და უფრო დამძიმდა ვითარება“, – აღნიშნა მან.