„ჩვენს ნავსადგურებს ჩამოყალიბებული ხედვა არ აქვთ, მეტი შემოსავალი როგორ მიიღონ“ – ექსპერტი

„საკონტეინერო გადაზიდვების გარდა, ნავსადგურებში ტვირთბრუნვის გაზრდას ვერ ვახერხებთ. საკონტეინერო მიმართულებაც გასაგებია – შემოდის დალუქული მანქანები, რომლებიც შემდეგში ყაზახეთში, ყირგიზეთსა და სხვა ქვეყნებში გააქვთ, ანუ ესეც დროებითი პროცესია და ჩვენ გამტარის როლი გვაქვს“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა ცაგარეიშვილმა, განაცხადა.
ცაგარეიშვილის თქმით, საქართველოს ნავსადგურებს არ აქვთ ჩამოყალიბებული საინვესტიციო ხედვა იმისა, რომ შუა აზიაში ჩასახული ტვირთნაკადების მისაღებად ადექვატური ინფრასტრუქტურის შექმნან და უფრო მეტი შემოსავალი მიიღონ.
„ჩვენს ნავსადგურებს არ აქვთ ჩამოყალიბებული საინვესტიციო ხედვა იმისა, რომ შუა აზიაში ჩასახული ტვირთნაკადების მისაღებად ადექვატური ინფრასტრუქტურის შექმნან. მაგალითად, ს ნავსადგურში ახლაც დგას ჯართის ამწეები, როცა მათი გადაზიდვის სამუშაოები კარგა ხანია დასრულდა. ასეთი დეტალებია, რომელთა გამოც სრულიად კანონზომიერ უარყოფით შედეგებს ვიღებთ.
საერთოდ, საკონტეინერო გადაზიდვების გარდა, ნავსადგურებში ტვირთბრუნვის გაზრდას ვერ ვახერხებთ. საკონტეინერო მიმართულებაც გასაგებია – შემოდის დალუქული მანქანები, რომლებიც შემდეგში ყაზახეთში, ყირგიზეთსა და სხვა ქვეყნებში გააქვთ, ანუ ესეც დროებითი პროცესია და ჩვენ გამტარის როლი გვაქვს.
არადა, ჩვენი სატრანზიტო მნიშვნელობიდან გამომდინარე, სათანადო ინფრასტრუქტურული განვითარების პირობებში, ამ სფეროდან მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღება შეგვიძლია, მაგრამ ვართ იმ დონეზე, რომელზეც ვართ“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.