ჩვენს ეკონომიკაზე რუსეთ-უკრაინის ომს ბუსტის ეფექტი ჰქონდა, რაც ნელ-ნელა ანულირდება – პაატა ბაირახტარი
ეკონომისტი პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ 2025 წლის ეკონომიკური ზრდის 7.5%-იანი მაჩვენებლის მიუხედავად, საზოგადოება საკუთარ თავზე წინსვლას ვერ გრძნობს.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას პაატა ბაირახტარი აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს არ გააჩნია ინკლუზიური ეკონომიკური მიდგომები და ხედვები და ქვეყანა უბრალოდ, დინებას მიჰყვება.
„ეკონომიკის ზრდის დაბალი და მაღალი მაჩვენებელი ფარდობითია, რაზეც ყურადღება აუცილებლად უნდა გავამახვილოთ. თუ ვსაუბრობთ, მაგალითად, რეგიონის ნაწილში ან ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ამასთან მიმართებაში საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ თუ ვსაუბრობთ, ეს ზრდა რამდენად საკმარისია იმისთვის, რათა ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს ეკონომიკასა და საზოგადოებას გააჩნია, დავძლიოთ, რა თქმა უნდა, ეს ზრდა არასაკმარისი, არაინკლუზიური იყო. აქედან გამომდინარე, მიდგომა, რომ ასეთი ზრდა გვქონდა და „უი, რა მაგარია, ყველაფერი კარგად არის“, სამწუხაროდ, საკითხი ასე არ დგას.
ჩემი აზრით, ინკლუზიურობის თვალსაზრისით, საერთოდ მთელი ეკონომიკური მიდგომები გადასაფასებელია. მეტსაც გეტყვით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ეკონომიკური მიდგომები და ხედვები ამ ნაწილში საერთოდ არ გააჩნიათ. მათ აქვთ გარკვეული მოდერნისტული სოციალისტური ხედვები, რომლითაც მართავენ ეკონომიკას და გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს. დინებას მივყვებით და ჩვენს ეკონომიკაზე მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორები, იქნება ეს რუსეთ-უკრაინის ომი, რომელმაც აჩქარების როლი შეასრულა და ასე შემდეგ“, – აცხადებს პაატა ბაირახტარი.
მისივე თქმით, აუცილებელია მკაფიო ეკონომიკური ხედვა, რათა საზოგადოებამ ეკონომიკური ზრდა, სიკეთეები საკუთარ ჯიბეზე იგრძნოს.
„გარე ფაქტორები მუდმივად ვერ გაგრძელდება და გარკვეული ბენეფიტები, რაც ჩვენმა ქვეყანამ იმავე ომის დაწყების გამო მიიღო, ნელ-ნელა ანულირდება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, 2026 წელს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით განსაკუთრებულ შედეგებს არ ველოდები, რადგან ამისთვის აუცილებელია სწორი ეკონომიკური ხედვა, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს“, – დასძენს პაატა ბაირახტარი.




