“ჩვენნაირ წარმოებებს DCFTA-ს შეჩერებით ძალიან გაგვიჭირდება” – “იას მეღვინეობა”

მცირე მეწარმე “იას მეღვინეობა” აცხადებს, რომ თუ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA) მართლაც გაუქმდა, ეს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მათ, ვინაიდან ის მცირე მეწარმეებისთვის მნიშვნელოვან შეღავათებს ითვალისწინებს.
საქმე ისაა, რომ გაფართოების ევროკომისარმა მარტა კოსმა “რადიო თავისუფლებასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოსთან DCFTA-ის გადახედვას არ გამორიცხა. მისი თქმით, ბრიუსელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხო ზომებად განიხილავს კანდიდატის სტატუსის გაყინვას და სავაჭრო შეთანხმების (DCFTA-ის) გადახედვას, თუმცა „ფრთხილობს“.
“იას მეღვინეობის” დამფუძნებელმა ია იმერლიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „ქალების ნარატივში” სტუმრობისას აღნიშნა, რომ DCFTA-ის შეჩერებით მათნაირი ტიპის წარმოებებს ძალიან გაუჭირდება.
“ეს დამატებით წნეხს წარმოშობს საგადასახადო კუთხით იმ პარტნიორებისთვისაც, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათების გაუქმება, პარტნიორებისთვის წინაღობა იქნება იმისა, რომ ჩვენთან თანამშრომლობა გააგრძელონ,” – აღნიშნა იმერლიშვილმა.
“იას მეღვინეობის” დამფუძნებელი იმედს გამოთქვამს, რომ გადაწყვეტილებები ამ მნიშვნელოვან საკითხზე საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესების ჩართულობის გარეშე არ იქნება მიღებული:
„ვიმედოვნებ, რომ მსგავსი სცენარი არ დადგება და დიალოგის გარეშე ამ საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებენ, რათა გამოსავალი ერთობლივად ვიპოვოთ“, – ამბობს ია იმერლიშვილი, რომლის მეურნეობას 2024 წელს ღვინო ექსპორტზე გერმანიასა და პოლონეთში გაჰქონდა. მისივე თქმით, “იას მეურნეობისთვის” სტრატეგიული ბაზრებია ევროპის, -ის და ინგლისის ბაზრები.
ცნობისთვის, გასულ კვირას BMG-მ ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს “ოცნების” მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხა, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას მსგავსი შედეგის შესაძლო დადგომასთან დაკავშირებით, რის საპასუხოდაც დავითაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობის ინტერესებშია და პასუხისმგებლიანია ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ხელისუფლება იღებს.