ჩვენმა გუნდმა ფაქტობრივად დაასრულა მუშაობა ვაზიანის ტერიტორიაზე აეროპორტის მშენებლობის კვლევაზე – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, კვლევა რომელმაც ვაზიანის ტერიტორიაზე აეროპორტის მშენებლობის მიზანშეწონილობა უნდა განსაზღვროს ფაქტობრივად დასრულებულია.

„მიმდინარე პერიოდში მივიღებთ სტრატეგიულ, ისტორიულ გადაწყვეტილებას თუ რა ფორმით უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის მთავარი აეროპორტის, დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება. ერთი გზა არის, რომ მოხდეს არსებული აეროპორტის შემდგომი განვითარება, ჩვენ გვაქვს გენერალური განვითარების გეგმა, რომელიც მომზადებულია არსებული ოპერატორის მიერ და ის მაქსიმუმი, სადამდეც შეიძლება აეროპორტის გამტარუნარიანობა გაიზარდოს და მეორეს მხრივ ჩვენმა გუნდმა დაასრულა ფაქტობრივად მუშაობა იმ კვლევაზე, თუ რა იქნება, თუკი ჩვენ ავაშენებთ ახალ აეროპორტს ვაზიანის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, გამოკვეთილია, რომ ვაზიანის აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ სამომავლოდაც მოხდეს მასშტაბური საავიაციო პროექტის და ინფრასტრუქტურის განვითარება, იმისთვის რომ საქართველომ ღირსეული ადგილი დაიკავოს გლობალურ საავიაციო ინდუსტრიაში და ჩვენ ასევე შევიძინოთ ტრანზიტულ ლოგისტიკური ჰაბის როლი. პირველი მთავარი გადაწყვეტილება იქნება, რომ საქართველოს მთავრობა მიიღებს კონკრეტული კვლევების და ანალიზის საფუძველზე, თუ რა იქნება სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მომგებიანი და სწორი გადაწყვეტილება – მოხდეს არსებულის გაფართოება თუ ახლის აშენება, მხოლოდ მას შემდეგ შეგვეძლება საუბარი ფორმებზე, თანამშრომლობაზე და ასე შემდეგ,“- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა თბილისის აეროპორტთან დაკავშირებით მოქმედ ხელშეკრულებაზეც ისაუბრა.
„არსებულ ხელშეკრულება ტავთან ვადა გასდის 2027 წლის იანვარში, ამ პერიოდისთვის ჩატარდება შესაბამისი გამჭვირვალე შესყიდვების პროცესი, იქნება ბაზრის კვლევა, ინტერესთა გამოხატვა, რითაც რა თქმა უნდა სხვა კომპანიებსაც ექნებათ შესაძლებლობა რომ გამოხატონ ინტერესი და ჩვენც გვექნება შესაძლებლობა რომ მაღალი კონკურენციის ფარგლებში ავარჩიოთ პარტნიორი.“- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.