“ჩვენი ხმა ევროპას” | სალომე ზურაბიშვილი შშმ პირებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში შშმ პირებს შეხვდა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას “ჩვენი ხმა ევროპას” შეურთდნენ. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს და წერს, რომ შეხვედრა შშმ პირთა საერთაშორისო დღეს შედგა.
დღესვე, სალომე ზურაბიშვილმა ქართული პოეზიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერისა და თვითრეალიზაციის ხელშეწყობისათვის, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისათვის ღირსების მედლით პოეტი და ასოციაცია “დეას” და “ყავარნის” დამფუძნებელი მიმოზა ცანავა დააჯილდოვა.
“ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, შშმ პირთა საერთაშორისო დღე და ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ ქვეყანაში დადგეს ის დღე და შესაძლებლობა, რომ გადაადგილება, რეგიონებში ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურა შესაძლებელი გახდეს. ეს პრიორიტეტი უნდა იყოს, რომელიც ამაში უნდა აისახოს. თბილისში, იმ დღიდან, როცა რამდენიმე წლის წინ სიმონს ქუჩაში შევხვდი, ტროტუარზე ვერ გადადიოდა, გადასასვლელიც არ იყო, მართალია ბევრი რამ შეიცვალა, ალბათ იმდენი არა, რამდენიც საჭიროა, თუმცა ქალაქში უფრო მოხდა ცვლილებები, ვიდრე რეგიონში და ჩვენ ვალდებულება გვაქვს, ჩვენი რეგიონები ნამდვილად ევროპული რეგიონები გავხადოთ. როცა ვლაპარაკობთ და ხელს ვაწერთ ამ განცხადებას – ჩვენი ხმა ევროპას, თქვენი ხმა ევროპას, ეს სწორედ ამას ნიშნავს და სხვა არაფერს. ეს არაა რაღაც პოლიტიკური განაცხადი, ესაა განაცხადი, რომ ამ ქვეყანაში დღეს, და არა ოდესღაც, ყველასთვის შესაძლებელი და ხელმისაწვდომი გახდეს იგივე უფლებები. იგივე უფლებები სახლიდან გამოსვლის და აღარ იყოს ის, რომ საქართველოში თქვენ ნაწილობრივ არ ჩანხართ, რადგან გამოსვლა, გადაადგილება რთულია, პროფესიული განვითარება რთულია, დასაქმება რთულია, ცოდნის მიღება რთულია, სარგებლობა, მაგალითად ,,ერაზმუსით”, რომელიც ძალიან ბევრ სტუდენტს ევროპაში სწავლა-განათლების საშუალებას აძლევს, თქვენთვის ესეც მეტად რთულია. ამიტომ ვთვლი, რომ ეს ჩვენი საერთო პრიორიტეტი, საერთო განაცხადია – საქართველო, რომელიც გვინდა, ევროპული საქართველო სწორედ ამ კეთილდღეობას, ამ უფლებების უნდა მოიცავდეს. ამას ერთად უნდა მივაღწიოთ. ეს არ არს მხოლოდ ვიღაცის პროტესტი ან განაცხადი, ეს უნდა იყოს მთელი საზოგადეობის განაცხადი და მე მინდა რომ ამ განაცხადს შევუერთდე. ასევე მოხარული ვარ, რომ ეს დღე ქალბატონო მიმოზა თქვენი და თქვენი შემოქმედების წარდგენა იქნება. თქვენი მაგალითი სწორედ ის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა აჯობოს ბედს, დაამარცხოს ის, რაც მოცემულობაა და ამით თვითონ მონახოს თავისი სრულყოფილი ადამიანობა. ეს ის მაგალითია, რისი დაჯილდოებაც ჩვენ დღეს გვინდა – არა როგორც მხოლოდ პოეტის, არამედ როგორც მხნეობის და ნამდვილად ბედზე, შეზღუდულ შესაძლებლობებზე გამარჯვების მაგალითის. ამის მერე სიტყვა შეზღუდულის თქმა აღარ შეიძლება, ეს არის სრული შესაძლებლობები.“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.