საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ მელაანში ხელმოწერების კამპანიის “ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში არაფორმალური განათლების ცენტრს “მელოს” ესტუმრა და ახალგაზრდებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალგაზრდები ხელმოწერების კამპანიას შეუერთდნენ და ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს თქვენი სტუმარი ვარ, აქ მელაანში, სადაც ასეთი მხიარული, აქტიური და ცოცხალი ახალგაზრდები არიან. თქვენ ძალიან დიდი წვლილი მიგიძღვით იმაში, რომ ასეთი ახალი სიცოცხლე დაიწყო ამ სოფელში, რომ თქვენ წამოიწყეთ ის, რასაც ეს ბავშვები თავიანთი განახლებული ენერგიით შემდგომაც გააგრძელებენ. მე ვნახე მათი ნახატები და თემატიკაც გასაგებია, ამას არ სჭირდება გრძელი სიტყვები. ესე იგი, ჩვენ ყველა ერთად ვგრძნობთ, ვიცით და გვინდა, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც ამ ქვეყანას და მის ყველა რეგიონს კეთილდღეობას, განვითარებას და თავისუფლებას მოუტანს და ეს ყველაფერი, ამავდროულად, უნდა მოხდეს თავისუფლად და არა ვინმეს ძალდატანებით; მაგალითად, თქვენი აქ მოსვლა და თქვენი მონაწილეობა ამ წრეში სრულიად ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებაა. სწორედ ასე უნდა იყოს ჩვენი მომავალი ჩვენი გადაწყვეტილი ჩვენი წესებითა და ჩვენი მოთხოვნებით აღჭურვილი. ვიცით, რომ ვიღებთ რეკომენდაციებს და რაღაცნაირად ცოტა არასწორი განცდა იქმნება, რომ ეს რეკომენდაციები მართლა თავსმოხვეულია, რაღაც უცხო, არა – ეს არის ის, რისი გაკეთებაც, რომც არ არსებობდეს რეკომენდაციები ჩვენ უნდა გვინდოდეს, რათა ჩვენი ხვალინდელი დღე იყოს უფრო განვითარებული, უფრო ძლიერი, იყოს მეტი ცოდნა და მეტი თანასწორობა ქვეყანაში, ყველა იყოს დაცული. ეს არის ევროპა, ეს არის მეტი დაცულობა, მეტი თავისუფლება და მეტი თანასწორობა, რათა ადამიანების სხვადასხვა კატეგორიებს ერთნაირად ჰქონდეთ შესაძლებლობა განავითარონ საკუთარი თავი. ამას უნდა მივაღწიოთ და არავინ არ შეზღუდოს და არავინ არ განახორციელოს ჩვენზე რაღაც ფორმის ზეწოლა. ეს არის თავისუფლება, როცა შენ შეგიძლია აირჩიო შენი ხვალინდელი დღე. თქვენ აქ მოსულნი ხართ ძალიან პატარები, ახალაგაზრდები, თქვენ წინ გაქვთ მომავალი, თქვენ ნამდვილად მოესწრებით იმას, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ თქვენ უნდა იყოთ იმ საქართველოს მოქალაქეები, რომელიც იქნება ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანა, აქ ქვეყნის სიდიდეს მნიშვნელობა არ აქვს, ესეც ევროკავშირის ერთ-ერთი განსაკუთრებულობაა, რომ ყველა ქვეყანას ერთი ხმა აქვს და ქვეყნის სიდიდეს არ აქვს მნიშვნელობა – დიდი ქვეყნები პატარა ქვეყნებს არ ჩაგრავენ, ყველა ქვეყანა არსებობს თავისი ღირებულებებით, თავისიიდენტობით, მაგრამ არსებობს კეთილდღეობისა და ცხოვრების ერთიანი სტანდარტი, რასაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ. თქვენ რომ იცხოვრებთ იმ ევროკავშირში, მინდა, რომ თქვენი საქართველო იყოს გამორჩეული, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა, რომ თქვენ შეგეძლოთ იმ ევროკავშირში იამაყოთ თქვენი ქვეყნით კიდევ უფრო მეტად ვიდრე დღეს. ამაში დარწმუნებული ვარ. მე თქვენს გვერდით ვარ იმისთვის, რომ მხარი დაგიჭიროთ, რათა ერთად გავიაროთ ეს გზა, რომელიც დაიწყება. 15 დეკემბრის შემდეგ რეალურად, ახალი ეტაპი დაიწყება, როცა 27 ქვეყნის ლიდერი მიიღებს გადაწყვეტილებას, ამიტომ წინასწარ არასწორია ვთქვათ, რომ აუცილებლად მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, შეგვიძლია ამის იმედი გვქონდეს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იმედიც განხორციელდება, მაგრამ მივცეთ მათ საშუალება, რომ ეს გადაწყვეტილება მათ თავისუფლად მიიღონ. შემდეგ დაიწყება ჩვენთვის ახალი ეტაპი, რომელიც მიგვიყვანს უკვე გაწევრიანების მოლაპარაკებამდე. ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელსაც ჩავატარებთ ევროკავშირის ინსტიტუციებთან და წევრ იმ ქვეყნებთან, რაც ამავდროულად, მოგვცემს საშუალებას, რომ ამ პროცესში უფრო მეტად მოვემზადოთ, კიდევ უფრო წინ წავიწიოთ, ეს არ არის რაღაც გაჩერებული პროცესი, სადაც ჩვენ ვზივართ და ველოდებით, რომ რაღაც გაკეთდეს ჩვენ შესახებ, არა, ეს ჩენი გასაკეთებელია და ამაში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ეს ყველას დამსახურება იქნება. არასწორია, როცა ვიღაცები იბრალებენ, რომ არა შენ, შენ არა – მე, მე გავაკეთე ეს. არა, ეს არის თქვენი გაკეთებული, ყველას გაკეთებული და იქნება ყველას დამსახურება. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, რომ აქ მე მომიწვიეთ და მოვედი როგორც თქვენი სტუმარი და გისურვებთ, რომ ძალიან ბევრი საქმე გაკეთდეს ამ პატარა სივრცეში და მე მინდა, რომ ასეთი სივრცეები საქართველოს ყველა სოფელსა თუ პატარა ქალაქში იყოს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.