“ჩვენი წლევანდელი საფასური 5 000 ევროს ეკვივალენტია” – რატომ იზრდება კერძო სკოლების ფასი?

კერძო სკოლების ნაწილში სწავლის საფასური ყოველი ახალი სასწავლო წლისთვის უმეტესად იზრდება. სახელფასო ფონდი და სხვა ხარჯები ის მთავარი კომპონენტებია, რაც სკოლის სწავლის საფასურს განსაზღვრავს.
“რედაქტ2”-თან ინტერვიუში “ნიუტონის თავისუფალი სკოლის” დამფუძნებელი და დირექტორი, გიორგი მელაძე აცხადებს, რომ სწავლის საფასური იზრდება, თუმცა არ ჰგონია, რომ სხვა სფეროებთან შედარებით უფრო იზრდებოდეს.
“ფასების ზრდა სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვანაირად ხდება. ზოგან ეს რადიკალური ზრდა არის, რომელიც მიბმულია დიდ ახალ სიახლესთან, მაგალითად ახალი შენობის აშენებასთან და ა.შ. სხვა შემთხვევაში რადიკალური ცვლილებები არ არის. ჩვენ ყოველწლიურად ზრდა ნამდვილად არ გვაქვს, მით უმეტეს 10-15%-იანი. ჩვენ ხელშეკრულებას ვდებთ 12 წლით და იქ შეზღუდვები გვიდევს, რომ ადამიანს შეეძლოს წინასწარ გაკონტროლება და ცოდნა, რამხელა ინვესტიცია დასჭირდება, სანამ მისი შვილი დაამთავრებს.
თუმცა იძულებული ვართ ამ ბაზარს მივყვეთ, რადგან ხარჯები იზრდება, ხელფასებიც. არამარტო ხელფასები და ეს ჩვეულებრივი ამბავია. მაგალითად, გინდა წაახალისო მასწავლებელი, ახალი მოიზიდო, მათ განვითარებაში ინვესტიცია იდება, და ა.შ კი, ჯამში იზრდება ხარჯი, მაგრამ არ მგონია, რომ სხვა სფეროებთან შედარებით უფრო იზრდებოდეს”,- აცხადებს მელაძე.
მისი თქმით, “ნიუტონის თავისუფალი სკოლის” წლევანდელი საფასური წელიწადში 5000 ევროს ეკვივალენტია.
“ვინაიდან ჩვენს გვაქვს საერთაშორისო პროგრამა, როცა მოსწავლეები სკოლას ამთავრებენ, ამ დიპლომით უკვე პირდაპირ მიდიან უნივერსიტეტებში. 5 000 ევროს ეკვივალენტია წელიწადში, წლევანდელი საფასური. არის სკოლები, სადაც სწავლა ჩვენზე ორჯერ მეტი ღირს.
კვლევები აჩვენებს, რომ რაც უფრო მცირე ასაკიდან ჩადებს ინვესტიციას შენი შვილის განათლებაში, მით უფრო მეტი უკუგება გაქვს, მაგალითად დათვლილიც აქვთ, რომ თუ პირველ კლასს შევადარებთ მეათე კლასში ინვესტირებას, ინვესტირებული 1 დოლარი პირველ კლასში უდრის 12-ს ბოლო ეტაპზე”,-აცხადებს გიორგი მელაძე.
განათლების სამინისტროს მონაცემებით, 2024/2025 სასწავლო წლებისთვის, ქვეყანაში 2 295 სკოლა მოქმედებს, აქედან 208 კერძო სკოლაა. საქსტატის თანახმად, ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში 640 ათასი ბავშვი სწავლობს, აქედან 70 ათასი კერძო სკოლებში.