„ჩვენი ღუმელების ენერგოეფექტურობა 79%-მდეა გაზრდილი“ – როგორია მოთხოვნა Esco-S-ის ღუმელებზე

დღეის მდგომარეობით საქართველოში შეშისთვის 2 400 000 კუბური მეტი ხე მოიხმარება, თუმცა საქართველოს შესაძლებლობა სულ 640 000 კუბური მეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ წელს 1 800 000 კუბური მეტრი რესურსი არამდგრადია. სწორედ ამიტომ, ტყეზე ზეწოლისა და შეშის მოხმარების შემცირების მიზნით ზაალ ხელაძის და ნინო ლეჟავას დაფუძნებულმა კომპანიამ Esco-S-მა საქართველოში ენერგოეფექტური ღუმელების წარმოება დაიწყო.
როგორც ბაზალეთის მწვანე ინჟინერიის ცენტრის ხელმძღვანელი ზაალ ხელაძე „კომერსანტთან” საუბრისას აღნიშნავს, აღნიშნული ღუმელები ორჯერ მეტ სითბოს ტოვებენ ოთახში, ვიდრე დღეს სოფლად გავრცელებული ჩვეულებრივი ღუმელები.
Esco-S-ის ღუმელები სხვადასხვა ფორმის და ფუნქციური დატვირთვისაა, გამოიყენება, როგორც გასათბობად, ასევე საჭმლის მოსამზადებლადაც, მისი მორგება ნებისმიერ ინტერიერზე არის შესაძლებელი და შეიძლება მისი კედელში ჩასმაც. როგორც ზაალ ხელაძე „კომერსანტთან” საუბრისას აღნიშნავს, „კლიმატის მწვანე ფონდის“ მეშვეობით შექმნილია ვაუჩერის პროგრამა და დარეგისტრირებულ მყიდველებს გადახდილი თანხიდან 300 ლარი უკან უბრუნდებათ.
„დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე გვაქვს შემდეგი სურათი, დღეს ქართულ ბაზარზე არსებული ღუმელების ენერგოეფექტურობა არის 30-40%, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 კგ შეშის დაწვით მიღებული ენერგიის მხოლოდ 35% ხმარდება გათბობას, ხოლო ჩვენი ღუმელების ენერგოეფექტურობა გაზრდილია 79%-მდე, აქედან გამომდინარე ეს პროექტი ითვალიწინებს იმას, რომ ღუმელებით გარემოს დაცვას შევუწყოთ ხელი.
ჩვენ ვართ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტის ბენეფიციარები, რომელმაც მოგვცა საგრანტო, გრძელვადიანი, 356 თვეზე განაწილებული სუბსიდირებული კრედიტი, სადაც 12%-ს გვიხდის სახელმწიფო, პლუს ამას შეგვიძინა 600 000 ლარის დანადგარები გრანტის სახით, ამას გარდა „მწვანე კლიმატის ფონდი“ ყველა გაყიდულ ჩვენ ღუმელზე მყიდველს უხდის 300 ლარს.”- აღნიშნა ზაალ ხელაძემ.
რაც შეეხება დაინტერესებას ხელაძე აღნიშნავს, რომ ენერგოეფექტური ღუმელების მიმართ დაინტერესება მზარდია, მისივე თქმით ქართული საზოგადოება მივიდა იქამდე, რომ დაიწყო რესურსების დაფასება.
„დავიწყეთ სახლების დათბუნება, გაენერგოეფექტურება, გარდა ამისა ჩვენ ვიცით, რომ ეს ყველაფერი საჭიროა გარემოს დაცვისთვის, კლიმატის ცვლილება ნეგატიური გავლენას ახდენს სამყაროს და მის მდგომარეობაზე.
ხარჯთეფექტურობიდან და გარემოს დაცვის მიმართულებით ადამიანების თვითშეგნების ამაღლებიდან გამომდინარე ადამიანებმა ამ მიმართულებით ფიქრი დაიწყეს, შესაბამისად ამ სისტემების მონტაჟზე მოთხოვნა იზრდება” – აღნიშნა ზაალ ხელაძემ.
რაც შეეხება ღუმელების ფასს, ხელაძე აღნიშნავს, რომ ფასი ცვალებადია მისი დიზაინის, ზომის და ფუნქციური დატვირთვის მიხედვით და იწყება 1000 არიდან და ადის 2500 ლარამდე.
გარდა ღუმელების წარმოებისა Esco-S ენერგოეფექტურობის კუთხით კონსულტაციას უწევს როგორც კომპანიებს, ასევე კერძო პირებს, რომლებსაც სურთ ენერგოეფექტური გარემოს მოწყობა. კომპანიას ასევე აქვს საწარმოზე დაფუძნებული სწავლება, რაც ნიშნავს იმას, რომ Esco-S არის ოფიციალურად აკრედიტებული ორგანიზაცია, რომელიც მზის ელექტრო სადგურების, კოლექტორების, ბიომასის ღუმელების და ბიომასის ბოილერების მიმართულებით ახდენს პროფესიონალების გადამზადებას.
„სწავლებას თებერვლიდან დავიწყებთ, მიღებული გვაქვს აკრედიტაცია და გავხდით ოფიციალური სასწავლებელი, ოღონდ საწარმოზე ბაზირებული და წელიწადში მოვამზადებთ 10 სტუდენტს. ასევე გვაქვს ქარხანა, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის სუბსიდირებული, ამას ასევე ემატება საგრანტო კაპიტალი, რომელიც USAID- ის მიერ არის დაფინანსებული, რომელიც სასწავლო ნაწილში გვაქვს მიღებული” – აღნიშნა ზაალ ხელაძემ.
ზაალ ხელაძის თქმით სასწავლო მიმართულებით ამ ეტაპზე 25 განაცხადია შესული და მსურველების 25% ქალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ქალების ინტერესიც მაღალია.