“ჩვენი ღვინით აქტიურად ინტერესდებიან ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები” – “ბაიას ღვინო”

“ბაიას ღვინოს” დამფუძნებლის, ბაია აბულაძის თქმით, კომპანიის პროდუქციით ყველაზე აქტიურად ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ინტერესდებიან, რაც მათ საექსპორტო ბაზრების განვითარებაში ეხმარებათ.
“ექსპორტი ჩვენი მეღვინეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და წამახალისებელი ნაწილია. ერთ-ერთი ბოლო ქვეყანაა, რომელიც ჩვენს საექსპორტო ბაზარს შემოუერთდა და, მინდა აღვნიშნო, რომ ჩრდ. ევროპის ქვეყნების განსაკუთრებულად აქტიურად არიან დაინტერესებული ჩვენი ღვინოებით, რაც ძალიან სასიხარულოა, რადგან მომხმარებელი აქ ღვინოს განსაკუთრებული ყურადღებით და სიყვარულით ყიდულობს. ეს პროდუქტი მათ ყოველდღიურ მენიუშია”, – ამბობს ბაია აბულაძე.
დანიასთან ერთად, “ბაიას ღვინის” საექსპორტო ბაზრებს ჩინეთიც შეუერთდა. კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ სხვადასხვა სახეობის 600-მდე ბოთლი დანიაში, 1200 ბოთლი კი ჩინეთში უკვე გაიგზავნა.
“ჩინეთშიც და დანიაშიც ღვინო უკვე გაგზავნილია და ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოს კიდევ გვექნება შეკვეთა როგორც ამ ორი ქვეყნიდან, ასევე სხვა საექსპორტო 14 ბაზრიდანაც, რომლებზეც დღეს აქტიურად ვმუშაობთ”, – ამბობს ბაია აბულაძე.
სიახლეებზე საუბრისას, “ბაიას ღვინოს” დამფუძნებელმა ასევე აღნიშნა, რომ წელს საწარმოო გადაიარაღება მოხდა, რაც კომპანიას სტაბილურობისა და ხარისხის შენარჩუნებაში ეხმარება.
“ძალიან საინტერესო პროცესთან ვართ ახლოს, რთველი გვიახლოვდება და 10-15 დღეში უკვე ველოდებით პირველ მოსავალს, ალბათ ცოლიკაურის ჯიშის კრეფით დავიწყებთ რთველს. უშუალოდ სამზადისთან ერთად, საინტერესო პროცესი მიდის ჩვენს ვენახებშიც, სადაც უკვე გვაქვს 4-5 წლის ნარგავები, რომლებიც ნელ-ნელა შედის მსხმოიარობაში და გვაქვს საშუალება, დავაკვირდეთ სხვადასხვა ჯიშის განსხვავებულ შაქრიანობას, მჟავიანობას. ეს გვაძლევს ძალიან საინტერესო ბაზისს იმისთვის, რომ მომხმარებელს განსხვავებული სტილის ღვინოები შევთავაზოთ.

ასევე დაგაინტერესებთ