ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია ყოველ წელს იზრდება მდგრადად და დივერსიფიცირებულად, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მან წამყვანის შეკითხვას – „ელოდნენ თუ არა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, 2024 წელს ტურიზმიდან შემოსავლის სახით, 4.4 მილიარდი დოლარის მიღებას“ – განაცხადა, რომ ეს მოსალოდნელი და პროგნოზირებული იყო.
„გასული პერიოდი არ იყო ნამდვილად მარტივი არც კერძო სექტორისთვის და არც ჩვენთვის. მაგრამ, მიუხედავად ყველა სირთულისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, თუ ჩვენი ქვეყნის მიღმა ხდებოდა, საქართველომ ნამდვილად შეუძლებელი შეძლო. გასული წლის დასაწყისში ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი ქვეყანა მიაღწევდა ახალ რეკორდს და ტურიზმიდან მიიღებდა 4.4 მლრდ დოლარს და ჩვენ ეს შევძელით. ზოგადად, ყოველი წლის დასაწყისში ვიცით, რა იქნება სამოქმედო გეგმა, რა აქტივობებს განვახორციელებთ, რომელ ქვეყნებში, რაც განაპირობებს ტურისტების ზრდას და ისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე, ანუ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდაზე“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.
მისივე განმარტებით, საქართველოს ტურიზმის სექტორს უკვე აქვს დაგროვილი მრავალწლიანი ცოდნა და გამოცდილება.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ტურიზმის განვითარების საქმეში დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„პირველი და უმთავრესი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სექტორის განვითარებაზე, ეს არის დივერსიფიკაცია ინდუსტრიის და ჩვენი სამიზნე ქვეყნების. დივერსიფიკაცია ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია ყოველ წელს იზრდება მდგრადად და დივერსიფიცირებულად. ტურიზმი არ არის არაფერი მეტი, თუ არა ციფრები და აქ სპეკულაციის რესურსი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ვხედავთ ქვეყნების ჩამონათვალს საიდან რამდენი ტურისტი ჩამოვიდა, რამდენმა რა თანხა დახარჯა ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობისას და კოლექტიურად, რა მოცულობის თანხაა ბიუჯეტში შემოსული და როგორ ნაწილდება შემდგომში ეს თანხა მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესებზე. დივერსიფიკაცია ეს არ არის ერთჯერადი საქმიანობა . ეს არის მუდმივი პროცესი, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა “ , – განმარტა ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ტურიზმის სექტორი არ არის დამოკიდებული ერთ რომელიმე ქვეყანაზე, თუმცა, ის რომ ტურიზმის სტატისტიკაში მეზობელი ქვეყნები ლიდერ პოზიციებზე ხვდებიან, გასაკვირი არ არის.
„რა თქმა უნდა, ყოველ წელს ჩვენ გვესმის რიგი სპეკულაციები, თურმე ჩვენი ტურიზმის სექტორი დამოკიდებულია ერთ რომელიმე ქვეყანაზე. ყველა ქვეყანაში არსებობენ ე.წ ტრადიციული სამიზნე ქვეყნები და არსებობენ ქვეყნები რომლებიც არიან ახალი, ან მეტ-ნაკლებად ათვისებული სამიზნე ქვეყნები. ტრადიციული ქვეყნები, რა თქმა უნდა, არიან ისეთი ქვეყნები, რომლებიც არიან მეზობელი ქვეყნები, რომლებთანაც გაკავშირებს სახმელეთო საზღვარი, რაც თავშივე ბუნებრივად და ლოგიკურად გულისხმობს იმას, რომ გამტარობა მგზავრთნაკადის ბევრად უფრო მეტია, რადგან არსებობს როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო მიმოსვლა. ამიტომ, ამაში გასაკვირი არაფერია, როდესაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებს ვხედავთ ჩვენი ტურიზმის სტატისტიკაში მოწინავე ადგილებზე“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
მან არაბული ქვეყნების გააქტიურებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ სახელმწიფომ ბევრი იმუშავა გალფის ქვეყნებიდან ტურისტების მოსაზიდად, რადგან ამ სახელმწიფოებიდან ჩამოსული ტურისტები მაღალმსყიდველუნარიანები არიან.
ქვრივიშვილის ინფორმაციითვე, დღეს, საქართველოს 3 საერთაშორისო აეროპორტში უპრეცედენტოდ მაღალი სიხშირით ფრენები უკლებლივ ყველა ყურის ქვეყნიდან სრულდება.
Bp.ge
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/maia-omiadze_w_h-Nrhnvn-300x169.jpeg)