ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი საუდის არაბეთში საკმაოდ დიდია. საქართველო არის ჰაბი, რომლის საშუალებითაც დანარჩენ მსოფლიოს გასწვდებიან – გიორგი ვეკუა

საქართველოს სავაჭრო პალატამ 250 კომპანიის მონაწილეობით საქართველო-ს ბიზნეს ფორუმსა და საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს საბჭოს სხდომას უმასპინძლა. B2B შეხვედრა საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
ორმხრივ ბიზნეს შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა ვაჭრობის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ტურიზმის, ტრანსპორტის, IT ტექნოლოგიების, მედიცინის, მშენებლობისა და სხვა სექტორებიდან. ბიზნესფორუმში მონაწილეობა საუდის არაბეთიდან 60-ზე მეტმა ბიზნესმენმა, ხოლო საქართველოდან 200-მდე კომპანიამ მიიღო.
საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ბიზნესის და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი ვეკუას თქმით, ფორუმის შედეგებით ორივე მხარე კმაყოფილია, რაც მომავალში მყარ და გრძელვადიან თანამშრომლობას მოიტანს.
,,სავაჭრო სამრეწველო პალატა დაახლოებით ერთი წელია, თანამშრომლობს საუდის არაბეთის პალატების ფედერაციასთან, რომელიც ჩვენი პარტნიორია საუდის არაბეთში. სწორედ იმიტომ, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა გავააქტიუროთ, ჩვენ დავაფუძნეთ საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს საბჭო.
სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში ეს უკვე მესამე შეხვედრა იყო, ასევე მესამე ბიზნეს ფორუმი. უკანასკნელი ფორუმი ყველაზე მასშტაბური იყო, რაც ხაზს უსვამს, რომ საქართველოსადმი ინტერესი საუდის არაბეთში საკმაოდ დიდია. სწორედ ამ ბიზნეს საბჭოს ჩატარების ფორმატში გადავწყვიტეთ რომ ასევე ბიზნეს ფორუმიც ჩაგვეტარებინა. საუდის არაბეთიდან 62 წამყვანი ბიზნესი ჩამოვიდა, საკმაოდ მრავალფეროვანი სექტორებიდან, როგორიცაა ჯანდაცვა, კვება, ფარმაცია, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საკითხებზეც საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო. ასევე ნავთობი, გაზის სექტორი და ენერგეტიკის სექტორი, ტურიზმის განვითარება. სწორედ ტურიზმის მიმართულებით 44%-იანი ზრდა გვაქვს წელს წინა წელთან შედარებით და ვფიქრობთ, რომ ეს ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულებაა. შესაბამისად, ჩვენ ჩავატარეთ მასშტაბური ბიზნესფორუმი, სადაც 62 ბიზნესის წარმომადგენელი იყო საუდის არაბეთიდან და 200-ზე მეტი წამყვანი ბიზნესი საქართველოდან. ბიზნესფორუმზე კონტრაქტებს არ მოეწერებოდა ხელი, ამაზე არც გვქონდა არანაირი ილუზია, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ საუდის მხარე ძალიან კმაყოფილია ფორუმით, ისევე როგორც ქართული მხარე და დარწმუნებული ვარ, მომავალში გააგრძელებენ თანამშრომლობას.
ვეკუას თქმით, მთავარი მიზეზი, რის გამოც არაბული ქვეყნები საქართველოში ინვესტიციით ინტერესდებიან ბიზნესის კეთების სიმარტივეა. გარდა ამისა, უცხოელი ინვესტორები საქართველოს ხედავენ როგორც ბიზნეს ჰაბს, რომლის საშუალებითაც გლობალურ ბაზარზე მარტივად შეძლებენ გასვლას.
,,საქართველო ინვესტიციის მხრივ საინტერესო ქვეყანაა, ამის ძალიან ბევრი წინაპირობაა – სტაბილურობა, საგადასახადო სისტემა, საინვესტიციო პოტენციალი, გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გეოგრაფიული მდებარეობაც უმნიშვნელოვანესია. საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ბევრ ქვეყანასთან, მათ შორის ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან და უკვე ემირატებთან, გასულ წელს მოვაწერეთ ხელი ინდოეთთან. ბიზნესის კეთების და რეგისტრაციის მხრივ არის ძალიან მცირედი წინაღობა და შესაბამისად, უცხო ქვეყნისთვის ეგ ძალიან საინტერესოა. მოსახერხებელი ამ არა მხოლოდ ის, რომ უცხოელმა ბიზნესმენმა აქ დაიწყოს საქმე, არამედ ეს გასაღებია სხვა ქვეყნის ბაზარზე გასასვლელად. საქართველო არის ჰაბი, რომლის საშუალებითაც დანარჩენ მსოფლიოს გასწვდებიან“,- თქვა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ბიზნესის და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა.
როგორც ვეკუა აღნიშნავს, საკმაოდ დიდი იყო დაინტერესება ქართველი ბიზნესმენების მხრიდანაც, რათა მათ მომავალში საუდის არაბეთში შეძლონ ინვესტიცია და ბიზნესის კეთება.
„ბიზნესფორუმის მთავარი ინტერესი იყო ის, რომ ეს პროცესი ერთი ქვეყნის, ანუ ცალმხრივ პროცესზე არ ყოფილიყო მორგებული. როგორც იყვნენ კომპანიები, რომლებსაც სურთ საქართველოში თავისი პროდუქციის გაყიდვა, ამის პარალელურად იყვნენ ქართული კომპანიები, რომლებსაც ჰქონდათ ინტერესი საუდის არაბეთში ინვესტირების, იქაური პერსპექტივების გაცნობის და რა თქმა უნდა, ჩვენი პროდუქციის ექსპორტის. არის საკმაოდ დიდი პერსპექტივები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის და რა თქმა უნდა, სამშენებლო სექტორის მიმართულებით, რადგან ჩვენ დაგვიგროვდა საკმაოდ დიდი გამოცდილება.
ორივე მხარეს ჰქონდა საკმაოდ საინტერესო ხედვები და შეხედულებები ექსპორტისა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებით. შესაბამისად ფორუმი საკმაოდ დაბალანსებული იყო“,- აღნიშნა გიორგი ვეკუამ.
ქრისტინა კვაჭანტირაძე