ჩვენი საფინანსო სისტემა საერთაშორისო სანქციების სულისკვეთების ერთგულია და არასდროს იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად – ნათია თურნავა

ჩვენი საფინანსო სისტემა საერთაშორისო სანქციების სულისკვეთების ერთგულია და არასდროს იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად – ეროვნული ბანკი მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ეს პროცესი უხარვეზოდ წარიმართოს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა შეწყვეტილი არ არის და პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
„პროგრამა არ გახლავთ შეწყვეტილი. ეს თავად საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც არა ერთხელ დაადასტურა. გადაიდო პროგრამის მეორე მიმოხილვის წარდგენა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საბჭოზე. ჩვენც და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვმუშაობთ აქტიურად იმისთვის, რომ პროგრამის ჩვეულებრივი მიმდინარეობა კვლავაც აღდგეს.
რაც შეეხება სანქციების აღსრულების წესთან დაკავშირებით ჩვენს მიერ მიღებულ დაზუსტებას – ეს საკითხი ასევე იყო დასმული საერთაშორისოს სავალუტო ფონდის მიერ, მაგრამ გაცილებით უფრო მოგვიანებით, ვიდრე ისინი გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, რომ პროგრამის გარკვეული ეტაპები გადადებულიყო. ჩვენ ძალიან დეტალური განმარტება მივაწოდეთ მათ, რატომ და რანაირად გაკეთდა ეს. ასევე, აქვთ კომუნიკაცია ჩვენს საბანკო სისტემასთან და სრული რწმუნება აქვთ მიღებული მათაც და სხვა დაინტერესებულ საერთაშორისო, თუ კერძო ორგანიზაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი საფინანსო სისტემა, ჩვენი საბანკო სისტემა ერთგული არის საერთაშორისო სანქციების სულისკვეთების. ჩვენი საფინანსო სისტემა არასდროს იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად და სფეროდ და ეროვნული ბანკი მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ეს პროცესი წარიმართოს უხარვეზოდ,“ – განაცხადა თურნავამ.

ასევე დაგაინტერესებთ