“ჩვენი, როგორც ხალხის, ერის ერთ-ერთი ტრაგედია ის არის, რომ ბედნიერად ყოფნას არ ვცდილობთ” – არჩილ გამზარდია

ჩვენი, როგორც ადამიანების, ხალხის, ერის ერთ-ერთი ტრაგედია ის არის, რომ ბედნიერად ყოფნას არ ვცდილობთ, უფრო სწორად, ძალიან დაქვეითებული გვაქვს ბედნიერების არსი, რომელიც ხშირად ბედნიერება კი არაა, ინსტიქტური კმაყოფილებაა ხოლმე.
როგორღაც მოვედით სამსახურიდან სახლამდე ფეხზე ძლივს მდგომებმა საცობებით? – ვკმაყოფილდებით.
როგორღაც თვიდან თვემდე შედარებით მცირე ვალით მივაღწიეთ? – ვკმაყოფილდებით.
გავუმკლავდით გადასახადებს? – ვკმაყოფილდებით. ვიღაც პოლიტიკურ სუბიექტზე უარესებიც არსებობენ? – ვკმაყოფილდებით. ჩვენი შიშები ზოგჯერ არ ცხადდება? – ვკმაყოფილდებით. და ასე… დაუსრულებლად. ჩვენი ბედნიერების ფორმულა გადარჩენის ინსტიქტების დაკმაყოფილებამდეა დაყვანილი. ჩვენს მდგომარეობას ვაფასებთ უფრო უარესთან შედარებით და არა უფრო უკეთეს მდგომარეობასთან შედარებით. არ ვარსებობთ როგორც ადამიანები, როგორც მოქალაქეები, როგორც პიროვნებები, მაგრამ პირდაპირი სამხედრო ომი არ გვაქვს? – ვკმაყოფილდებით. არ ვითხოვთ და არ ვედრებით უკეთესს. სამსახური გვაქვს? – ვკმაყოფილდებით. საკმარისია თითქოს. წლების წინ, სტუდენტობისას, დიპლომის დაცვის წინ იმ დროს ძალიან პერსპექტიულ სპეციალობას დავანებე თავი და სხვაგან ჩავაბარე, უკვირდათ, მაგ პროფესიაზე უარის თქმა როგორ შეიძლებოდაო. წლების განმავლობაში არაერთი სამსახურიდან წამოვსულვარ, სადაც სხვებთან შედარებით ბევრად უკეთესი ანაზღაურება მქონდა და ბევრად უფრო მძიმე ყოფით მდგომარეობაში ჩამიგდია თავი, უკვირდათ, აბა, მაგ სამსახურ(ებ)იდან წამოსვლა როგორ იქნებაო. შვილებს ხშირად ვამზადებთ იმ პროფესიებისათვის, რომლებსაც შესაძლოა უფრო მეტი შანსი ჰქონდეს დასაქმების და არც ვინტერესდებით, უნდა თუ არა ადამიანს ის საქმე აკეთოს, რომელსაც ყოველდღიურობის დიდი ნაწილი უნდა დაუთმოს. არაერთი სტუდენტია იმ მდგომარეობაში, რომელსაც ვასწავლი, მშობლები რომ ურჩევენ ან თავად ირჩევენ მექანიკურად იმ პროფესიას, რომელიც არ უნდათ, მაგრამ ეიმედებათ თავის გადარჩენა პროფესიის მოთხოვნილების გამო. ასე ვქმნით საკუთარ თავს, ჩვენს საზოგადოებას, რომ მთელი ჩვენი სწრაფვა მიემართება მხოლოდ თავის გადარჩენას და არა საკუთარი თავისათვის ბედნიერების შექმნას. ამიტომაც არის ჩვენზე ზემოქმედება მხოლოდ დამატებითი შიშების შექმნის გზით შესაძლებელი, ამიტომ ირჩევენ ძალაუფლების მქონენი მთავარ სტრატეგიად ჩვენს შეშინებას. არასასურველი სამსახურიდან წამოხვალ? – საშიშიაო. არასასურველ ადამიანებს ჩამოიტოვებ? – საშიშიაო. არასასურველ პროფესიას შეცვლი? – საშიშიაო. რაღაცის შეცვლას შეეცდები შენს გარშემო ხალხში ან ქვეყანაში? – საშიშიაო. შიში… ყველგან შიში დაგვდევს თან, რომ რაც გაქვს, ისიც არ დაკარგო, რომ უარესად არ გახდე, უარეს მდგომარეობაში არ ჩავარდე… არა და, თუ შენს არასასურველ რუტინაში რაღაცას არ შეცვლი, რაღაცას არ გარისკავ, სულ მომაკვდავ მდგომარეობაში იქნები იმის შიშით საბოლოოდ არ მოვკვდეო. თუ რამე ჩემს ცხოვრებაში უკეთესისთვის მიმიღწევია, მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ არასასურველი მოვიშორე და იმ შიშის გადალახვა მომიწია, რომელიც ცვლილებას მუდმივად ახლავს თან, ჩემს თავს მთელი ცხოვრება ხანდახან ავანტიურასაც კი ვუწყობ ხოლმე, რომ იძულებამ მაინც მიბიძგოს ცვლილებისათვის და ამის ხარჯზე თითქმის ყოველთვის უფრო უკეთესისთვის მიმიღწევია, ვიდრე საკუთარ უბადრუკობასთან კონფორმიზმში მომიწევდა. შიშები ლეგიტიმური შეიძლება იყოს, მაგრამ შიშებით ცხოვრება უკვე მკვდრად ყოფნაა. რასაც უტოლდები, საბოლოო ჯამში იმას იღებ. უტოლდები უარესს – იღებ უარესს. უტოლდები უკეთესს – მიიღებ უკეთესს.
სანამ ჩვენ, როგორც ადამიანები, პიროვნებები, მოქალაქეები ამ მკვდრად ყოფნიდან უფრო უარესობას გავუტოლდებით და უფრო უკეთესობისათვის არ ვიბრძოლებთ, მანამდე მკვდრადშობილივით ვიქნებით მხოლოდ იმ შიშის გამო, უფრო უარესი არ დაგვემართოს.ზ