ჩვენი რეკომენდაციები მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან საქართველო ადგას ევროკავშირში გაწევრიანების გზას – ვენეციის კომისიის გენერალური მდივანი

ჩვენი რეკომენდაციები მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან საქართველო ადგას ევროკავშირში გაწევრიანების გზას, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ვენეციის კომისიის გენერალურმა მდივანმა, სიმონა გრანატა-მენგინიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვენეციის კომისია უკვე დაახლოებით 25 წელია, მუშაობს საქართველოში და საქართველოსთან. ჩვენ ერთად გამოვიარეთ განვითარების მრავალი ეტაპი. ჩვენს მიერ გაცემულია მრავალი რეკომენდაცია. ახლა, უახლოეს მომავალში, დეკემბერში ასევე იქნება რეკომენდაციები. ეს რეკომენდაციები ჩვენი მხრიდან გაგრძელდება მომავალშიც, ვინაიდან საქართველო ადგას ევროკავშირში გაწევრიანების გზას“, – აღნიშნა სიმონა გრანატა-მენგინიმ.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ არის სავალდებულო.
„ჩვენ ვერ ვუკარნახებთ ვერავის, მაგრამ, როგორც ჩემმა კოლეგამ, გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, ჩვენ, ასე ვთქვათ, ამ რეკომენდაციებში ვუთითებთ ხოლმე ე.წ. წითელ ხაზებს. წითელი ხაზები არ არის ჩვენი მოგონილი. ეს არის სტანდარტები, რომლებიც თავის მხრივ გამომდინარეობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან. ეს რეკომნდაციები, ძველიც, ახალიც და მომავალში რასაც გავცემთ, არის პროცესი და ეს რეფორმებიც, რაც ხორციელდება, უნდა დავინახოთ, როგორც ერთი მთლიანობა. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, მაგრამ ასევე ვმუშაობთ საქართველოს მოსახლეობასთან, ხალხთან. ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას“, – განაცხადა სიმონა გრანატა-მენგინიმ.

ასევე დაგაინტერესებთ