“ჩვენი რეკომენდაციაა, მიკროსიმძლავრის სადგურების დადგმული სიმძლავრე 100 კვტ-ზე მეტი არ იყოს”- სალომე ჯანელიძე

სემეკი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის “ენერგო-პროს” ქსელში დადგმული სიმძლავრის შემცირებაზე მსჯელობს. საუბარია მზის სადგურებზე, რომელთა დასაშვები დადგმული სიმძლავრე დღეს თუ 500 კვტ/სთ-ია, შემცირდეს 5-ჯერ, 100 კვტ/სთ-მდე. ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი შესაძლო ცვლილებებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ ის მოთხოვნას შეამცირებს და დარგს საინვესტიციოდ ნაკლებად მიმზიდველს გახდის.
ენერგეტიკული გაერთიანების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში სალომე ჯანელიძე კი აცხადებს, რომ ევროპაში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის დასაშვები დადგმული სიმძლავრის ზღვარი ბევრად დაბალია და ამ მიმართულებით მათი რეკომენდაციაც არის, რომ დასაშვები დადგმული სიმძლავრის ზღვარი აქაც იყოს 100 კილოვატ საათი.
“სემეკისგან მოვისმინეთ, რომ ეს არის დროებითი მექანიზმი. ევროპული გამოცდილება რომ გაგიზიაროთ, მათ შორის ნეტო დარიცხვის შემთხვევაშიც, ძირითადი აქცენტი უნდა იყოს თვითმოხმარებაზე. ანუ მომხმარებელი, რომელიც აწარმოებს ელექტროენერგიას, უნდა გამოიყენოს ის პირველ რიგში თვითონ და თუ მორჩება, ამ შემთხვევაში მიაწოდოს ქსელს. ჩვენი რეკომენდაციების მიხედვით, 100 კილოვატზე მეტი არ უნდა იყოს დადგმული სიმძლავრე ასეთი ტიპის წარმოების სადგურებისთვის. ევროპაშიც ბევრად მცირე ზღვრებია, ვიდრე ჩვენ გვაქვს საქართველოში. იქ 500 კილოვატი არც მახსენდება, ასე შეიძლება იყოს სომხეთში, რომელიც ევროპულ კანონმდებლობას არ მისდევს”, – ამბობს სალომე ჯანელიძე.
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის “ენერგო-პროს” ქსელში დადგმული სიმძლავრის შემცირება ახალ რეგულაციებზე გადასვლის პერიოდში არის დაგეგმილი. ბაზარი ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე უნდა გადავიდეს. სალომე ჯანელიძე ამბობს, რომ გარდამავალ პროცესში მნიშვნელოვანია დარგის სტიმულირება სხვადასხვა მექანიზმებით მოხდეს, მათ შორის საგადასახადო შეღავათებით.
“რეგულაციების განსაზღვრა არის ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის. ანუ მათ, ვინც ჩადეს ინვესტიცია ნეტო აღრიცხვის პირობებში, გარკვეული პერიოდით უნდა შეუნარჩუნდეთ ეს უფლებამოსილება და უნდა შეძლონ ამ პირობებით სარგებლობა. ამასთან ერთად, ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ დამატებით სახელმწიფომ შეიმუშაოს წამახალისებელი მექანიზმები, ასეთი შეიძლება იყოს პირდაპირი დახმარების მექანიზმები, შეიძლება იყოს დაბალგანაკვეთიანი სესხები და მსგავსი ტიპის წახალისებები.
რეკომენდაციებს შორის არის გადასახადების შემსუბუქებაც. როდესაც ხდება იმპორტი, რითაც გამანაწილებელი წარმოების მექანიზმებს, პანელებს აწყობენ, მიზანშეწონილია, რომ მასზე გავრცელდეს საგადასახადო შეღავათები და ამით კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ბიზნესს ხელი, რომ მაინც განვითარდეს ეს მიმართულება, გამომდინარე იქიდან რომ განახლებადი ენერგიების ხელშეწყობა არის პრიორიტეტი ჩვენთვის, ქვეყნისთვის ევროკავშირისთვის და რა თქმა უნდა, ენერგეტიკული გაერთიანებისთვის. აქედან გამომდინარე საგადასახადო შეღავათები ერთ-ერთი მიმართულებაა, რაც შეიძლება რომ გამოვიყენოთ სამომავლოდ.” – აცხადებს სალომე ჯანელიძე.
ცნობისთვის, ენერგეტიკული გაერთიანების რეკომენდაციით ბაზრის ახალი მონაწილეებისთვის ნეტო აღრიცხვის ეტაპობრივი გაუქმება 2026 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მოხდეს და ე.წ ნეტო დარიცხვის სისტემა ამოქმედდეს, რაც შესაბამის დოკუმენტშიც იკითხება.
ცვლილებებით თუ ბაზრის მონაწილეები დღეს ნეტო აღრიცხვის სისტემის მეშვეობით ჭარბი ელექტროენერგიის მომავალი მოხმარებისთვის გამოყენებას ახერხებენ, ნეტო დარიცხვის შემთხვევაში ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგიის კრედიტად შენახვას ვეღარ შეძლებენ და სანაცვლოდ ბაზრის მონაწილისთვის მისი ფინანსურად ანაზღაურება მოხდება.