„სოფლის ნობათის“ რძის სტრატეგიის განვითარების მენეჯერი ხათუნა ცქიტიშვილი ამბობს, რომ სოფლის ნობათის პროდუქცია ჯანსაღი და უვნებელია.
როგორც მან სეს-ში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რძის 5 პარტია, რომელიც აზერბაიჯანში იყო წარმოებული, ქსელიდან სრულად იქნა ამოღებული.
„2012 წლიდან ერთ-ერთი პირველები ვიყავით, სადაც HACCP – ის სისტემა დაინერგა, FSSC 22000 – ის არაანონსირებული აუდიტები, რომლებიც გვამოწმებენ წელიწადში ორჯერ. შემოწმებები არის ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან, წელიწადში 10-12-ჯერ. ჩვენ ვართ ის კომპანია, სადაც მიგვიღია დელეგაციები, რომლებიც ქვეყანაში ჩამოდის რძის მიმართულებით და საჩვენებელი, სადაც შეიძლება აჩვენო სტანდარტი, რძის მიღება, რაზე მოწმდება, როგორც ხდება მისი გადამუშავება. ასე, რომ ნამდვილად მინდა ვთქვა, რომ სოფლის ნობათის პროდუქცია – რძე, ხაჭო, არაჟანი, მაწონი, კეფირი, იოგურტი, მოჭიქული ხაჭო – არის ჯანსაღი და უვნებელი.
ჩვენ ვართ ის კომპანია, რომლისთვისაც მომხმარებლის ნდობა არის უმნიშვნელოვანესი ეს არის ხარისხი და უვნებელი პროდუქცია. 2012 წლიდან ის ნდობა და ის სიყვარული, რომლებსაც ჩვენი შვილები, ჩვენი მეგობრების შვილები, ჩვენი შვილების მეგობრები ასე უყვართ და მოიხმარენ ეს სწორედ დამოკიდებულია იმ სტანდარტებზე, იმ დამოკიდებულებაზე, იმ პროფესიონალიზმზე, რაც ჩვენ კომპანიაშია“,- თქვა ხათუნა ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთ ნიმუშში აღმოჩენილი იყო აფლატოქსინის შემცველობის გადაცდომა 0,21-დან 0,32-მდე ოდენობით. საქართველოში რძეში აფლატოქსინის შემცველობის უმკაცრესი სტანდარტი დადგენილი, რაც გულისხმობს 0,05 მიკრო გრამს ლიტრში. სეს-ის თანახმად, პროდუქცია ქსელიდან სრულად იქნა ამოღებული. კომპანია ყოველ წელს მოწმდება, მათ შორის 2024 წელს განხორციელდა 15 სახელმწიფო კონტროლი დარღვევა არ გამოვლინდა.
