2025 წელს დოლარის საშუალო გაცვლითი კურსი ლართან მიმართებით 2,75-ის ფარგლებში დარჩება; 2026 წელს კი ლარი შესაძლოა მცირედ გამყარდეს,- ამის შესახებ Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ რადიო “კომერსანტის” ეთერში ისაუბრა.
მისივე პროგნოზით, დოლარი 2026 წლისთვის გლობალურ ბაზარზე კვლავ სუსტ პოზიციაში იქნება, რაც შეეხება ევროს, ქავთარაძე ვარაუდობს, რომ 1 ევროს ღირებულება 2026 წელს 3.15-3.20-ის ფარგლებში იქნება.
,,კურსთან დაკავშირებით ჩვენი პროგნოზია, რომ წელს საშუალო გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2,75-ის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება 2026 წელს, აქ უკვე პოზიტიური ნიშნები გვაქვს და ველოდებით, რომ შესაძლებელია მცირედი გამყარებაც კი შეიძლება მივიღოთ. ძირითადი დაშვება არის, რომ 2026 წელს დოლარი გლობალურად ისევ დასუსტებული დარჩება გამომდინარე იქიდან, რომ სექტემბერში მონეტარული პოლიტიკის შემცირება დაიწყეს.
რაც შეეხება ევროს, რადგან გლობალურად დოლარი დასუსტებულია, შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე ევროა გამყარებული. ლართან მიმართებაში ევროს კურსი დამოკიდებულია იმაზე, როგორი კურსი დაფიქსირდება საერთაშორისო ბაზარზე ევროსა და დოლარს შორის. ჩვენი გამოთვლებით, ლარის მიმართ ევროს გაცვლითი კურსი 2026 წელს 3.15-3.20-ის ფარგლებში იმერყევებს”,- აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ რადიო “კომერსანტის” ეთერში.
