2025 წლის იანვარში დღგ-ს სახით ბიუჯეტში 806 მილიონი ლარი შევიდა, რაც თანხობრივად 2024 წლის იანვართან შედარებით 7 მილიონი ლარით არის შემცირებული. საქართველოს ყოფილი პრემიერის ნიკა გილაურის თქმით, ეს კლება არის სიგნალი, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი უკვე დაიწყო.
“მინდა გამოვეხმაურო 2025 წლის იანვრის საბიუჯეტო შემოსავლებს, განსაკუთრებით დღგ-დან შემოსავლებს, სადაც ფიქსირდება 1%-მდე შემცირება 2024 წლის იანვართან შედარებით, იმ დროს როდესაც ეს მაჩვენებელი 2024 წლის იანვარში იყო 13.5% და 2023 წლის იანვარში 23%. იმის გათვალისწინებით, რომ 2024-ში რეალური ეკონომიკის ზრდა იყო 9.4% და წლიური ინფლაცია 2%, 1%-მდე დღგ-დან შემოსავლების კლება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ეკონომიკური კრიზისი დაწყებულია და 2025 წელი საკმაოდ რთული იქნება.
ჩვენი კომპანიის Reformatics-ის პროგნოზით, წელს გვექნება უარყოფითი ზრდა და ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში მინიმუმ 3.1-ზე ავა,”- განაცხადა ნიკა გილაურმა.