Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ მათი პროგნოზით წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით გაიზდება. BMGTV-ის ეთერში მან ასევე ისაუბრა ლარის გაცვლით კურსზე დოლართან მიმართებით და თქვა, რომ სავალუტო შემოდინებებთან ერთად, ამ ეტაპზე გაცვლითი კურსის სიმყარეზე გლობალურად დასუსტებული დოლარი მოქმედებს.
“როგორც მოსალოდნელი იყო, ეკონომიკური ზრდის ტემპი აპრილში შენელდა, რადგან მარტში ეკონომიკა წლიურად 9%-ით გაიზარდა, თუმცა ჯამურად ოთხ თვეში 8.8%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ჩვენი პროგნოზია 6.8% და ვფიქრობთ, რომ ეს რეალისტურია.
ჩვენი შეფასებით, აპრილის ზრდა განაპირობა იმან, რომ ძირითადი კატეგორიებიდან მოხმარება იქნებოდა ძირითადი განმაპირობებელი. საინვესტიციო აქტივობა შედარებით სუსტი შეიძლება ყოფილიყო, აქ საბანკო დაკრედიტების გარდა ვუყურებთ მაგალითად საინვესტიციო საქონლის იმპორტს, რაც შემცირებული გამოვიდა და ჯამურად მივიღეთ ის რომ ოთხ თვეშიც შემცირებულია საინვესტიციო კაპიტალის იმპორტი.
რაც შეეხება სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, რომლებიც განაპირობებენ ასეთ ეკონომიკურ ზრდას, აპრილში საკმაოდ კარგი იყო სავაჭრო ბალანსი, რადგან ექსპორტის ძალიან ძლიერი ზრდა დაფიქსირდა, 41%-ით გაიზარდა ექსპორტი, მაშინ როცა იმპორტი 3.6%-ით შემცირდა. შედეგად მივიღეთ სავაჭრო დეფიციტის გაუმჯობესება. ოთხ თვეს თუ შევხედავთ ვნახავთ, რომ ექსპორტი 14.2%-ით, ხოლო იმპორტი 16%-მდეა გაზრდილი. ასევე გვაქვს ოთხი თვის მონაცემი ფულად გზავნილებთან დაკავშირებით, ფულადი გზავნილებიდან და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, თითოეული 1.1 მილიარდს შეადგენს, ექსპორტი იყო 2 მილიარდი. ჯამში ოთხ თვეში სავალუტო არხებიდან 4.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მივიღეთ, რაც არის დაახლოებით 6%-იანი ზრდა. ეს ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გაცვლითი კურსისთვის. თუმცა მიმდინარედ გაცვლითი კურსის გამყარებაზე ძლიერად მოქმედებს გლობალურად დასუსტებული დოლარი. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია რატომ იზრდება საერთაშორისო რეზერვები”, – ამბობს ქავთარაძე.
Galt & Taggart-ის ამჟამინდელი პროგნოზით, მიმდინარე წელს ლარის საშუალო გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2.78 ლარი იქნება.
bm.ge
