ოზურგეთის სოფელ ნაგომარში მდებარე ჩაის საწარმო “ჩა” წარმოებას ზრდის. როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში წარმოების დამფუძნებელმა ანდრო თავართქილაძემ აღნიშნა, გასულ წელს მათი პლანტაციების მოცულობა 4-დან 15 ჰექტრამდე გაიზარდა. მისივე თქმით, 11 ჰექტარი ჩაის პლანტაცია ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიმატეს, რომლის მოსავლიანობაც მომდევნო წლებში გაიზრდება. გასულ წელს კი, მეწარმემ 2 ტონამდე ჩაი აწარმოა.
„პლანტაციები მზარდია. ჩაის რეაბილიტაციის პროგრამაში ჩავერთეთ და დავიმატეთ 11 ჰექტარი. წელს აღნიშნულ პლანტაციაში დავიწყებთ კრეფას მცირე რაოდენობით, მომავალ წელს კი უფრო მეტს ველოდებით. ჩვენ ნედლეულს სხვისგან არ ვყიდულობთ, ვინაიდან ჰერბიციდს არ ვიყენებთ, ასე ხარისხს ვინარჩუნებთ”, – აღნიშნა ანდრო თავართქილაძემ.
საწარმო “ჩა” შავი და მწვანე ჩაის გარდა, მოცვის ჩაისაც აწარმოებს, რომელსაც გურიის მთებში აგროვებენ. “ჩას” პროდუქცია რამდენიმე მაღაზიაში და ასევე ონლაინ რეალიზდება. ანდრო თავართქილაძე ქსელურ მაღაზიებში შეღწევადობას ერთ-ერთ დაბრკოლებად ასახელებს.
“სახლში გვაქვს საწარმო, თუმცა არ არის საკმარისი ზომის, უნდა მოვნახოთ შესაძლებლობა, რომ განვვითარდეთ ამ მიმართულებით. რადგან ჩვენი პლანტაციების ფართობი 15 ჰექტრამდე გაიზარდა, გამოდის გაიზრდება ჩვენი წარმოებაც. მოგვიწევს თანამშრომლების აყვანაც. თავიდან დავიწყეთ როგორც ოჯახური ბიზნესი, ახლა მხოლოდ სეზონურად დასაქმებულები გვყავს”, – ამბობს საწარმოს ხელმძღვანელი.
რაც შეეხება ექსპორტს, “ჩა” ჯერჯერობით მხოლოდ ადგილობრივად იყიდება, თუმცა ანდრო თავართქილაძე ამბობს, რომ სამომავლოდ საექსპორტო ბაზრებზე გასვლასაც მოიაზრებს.
“ექსპორტზე ჯერ არ გავსულვართ, მაგრამ სურვილი გვაქვს. ხარისხის კუთხით ყველაფერი წესრიგში გვაქვს, რაღაც ვერსიები გვაქვს, მაგრამ შეფუთვის ნაწილი გვაქვს მოსაგვარებელი და შემდეგ უკვე ამასაც მივხედავთ. აშშ-ში ექსპორტზე გასვლაზე არის საუბარი. გვინდა სატესტოდ გავგზავნოთ ჩვენი ჩაი. თუმცა, ამას წელს რამდენად მოვახერხებთ, ჯერ არ ვიცით, ჩაიში მუშაობა შრომატევადი საქმეა, დიდი რესურსიცაა საჭირო. ბევრ რაღაცასთან გვიწევს გამკლავება”, – ამბობს ის.
ცნობისთვის, როგორც ანდრო თავართქილაძე აღნიშნავს, “ჩას” წარმოებაში ჯამში, ამ დრომდე 300 000 ლარზე მეტის ინვესტიციაა ჩადებული.
