„ჩვენი მოსაზრებები მთავრობის მხრიდან გაზიარებული იყო“ – ლევან ვეფხვაძე პრემიერთან შეხვედრაზე

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ პრემიერ-მინისტრ სთან შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო გაცნობითი შეხვედრა და იმ მოსაზრებების მოსმენა, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ბიზნეს ინდექსშია წარმოდგენილი.
„შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო იმ კუთხით, რომ ჩვენი მოსაზრებები მთავრობის მხრიდან იყო გაზიარებული, ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული პერიოდულობით ახალი პროექტები და პროგრამები შემოდის, არის დირექტივები, სტანდარტები და ა.შ. ჩვენ მიგვაჩნია რომ ყველა ეს დირექტივა, სტანდარტი თუ პროგრამა გარკვეულწილად თანხვედრაში უნდა იყოს ყველა იმ მოსაზრებასთან, რასაც ძალიან ხშირად აჟღერებს ხოლმე ბიზნესი. ბიზნესი არის ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი ნაწილი, იმიტომ რომ ერთის მხრივ სახელმწიფო არის ინვესტორი და მეორეს მხრივ ბიზნესი არის ეკონომიკაში გადამწყვეტი, ამიტომ ბიზნესის მოსაზრება თუ როგორ განვავითაროთ ეკონომიკა, საყურადღებოა.
ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პრემიერმა პირდაპირი გზავნილი თანამშრომლობაზე გააკეთა და ეს გზავნილი ეფუძნებოდა ერთადერთ რამეს, რომ მან მიმართა ბიზნესს და უთხრა, რომ ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და კომუნიკაციისთვის ერთადერთი მიზნით, რომ ჩამოვყალიბდეთ თუ როგორ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, იმიტომ რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა ხვალ და ზეგ ახალ სამუშაო ადგილებში გადაითარგმნება და ასევე გადაითარგმნება დასაქმებულების სოციალური პირობების გაუმჯობესებაში.“ – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
ვეფხვაძის თქმით პრემიერის სიგნალი იყო ძალიან ცალსახა და მკაფიო, მისივე თქმით მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად ორივე მხარის მხრიდან თანამშრომლობისთვის მზაობაა. ვეფხვაძე ასევე აღნიშნავს, რომ შეხვედრა ძალიან იმედის მომცემი იყო.
„ძალიან სწორი მესიჯი, რაც პრემიერმა ბიზნესის ინდექსის პრეზენტაციის მერე კარგად დაიჭირა და დაინახა იყო ის, რომ მაჩვენებლები იზრდება, მაგრამ არის გამოწვევა და ამ გამოწვევას სჭირდება ძალიან სწორი მიდგომა, ეს ყველაფერი ბუნებრივია კომუნიკაციით უნდა შედგეს.
ჩვენ არ გვქონია მოლოდინი, რომ ამ ერთ შეხვედრაზე ყველა პრობლემას მოვაგვარებდით ან ყველა საკითხი ერთად გადაწყდებოდა. ამას სჭირდება სექტორული ჩაშლა და იმ შეთავაზების გათვალისწინებით, რომელიც პრემიერმა გააკეთა, მზად ვართ, მოვამზადოთ ძალიან საინტერესო დოკუმენტები, პრეზენტაციები და კვლევები იმისთვის, რომ ეს შეხვედრები, რომელზეც უკვე ვართ მიწვეულები პროფესიონალურად წარვდგეთ და ერთად წარვადგინოთ ის რეცეპტები, რომ კონკრეტულმა სექტორმა გაზარდოს ეკონომიკაში კონტრიბუცია.“ – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ