„ჩვენი მოლოდინი იყო რეფინანსირების განაკვეთის 0.25%-ით შემცირება, თუმცა ეროვნულმა ბანკმა შეძლო შეემცირებინა 0.5%-ით. მთლიანობაში ეს გადაწყვეტილება მოლოდინების შესაბამისია“, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელი სირთულეებით იყო სავსე, ამიტომ ეს მაჩვენებელი ცუდი არ არის და ეროვნული ბანკისგან სიფრთხილის მაჩვენებელია.
„ჩვენ წლევანდელი წელი არ იყო მარტივი. თუნდაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი ვითარებაა სავალუტო ბირჟაზე. არის თუ არა ვალუტის ჭარბი მიწოდება. ესეც ირიბად ახდენს გავლენას რეფინანსირების განაკვეთზე, იმ მარტივი მიზეზით, რომ თუ კურსი გაუფასურდა, ბუნებრივია ინფლაცია მეტი იქნება.
ამავდროულად მნიშვნელოვანი საგარეო ფაქტორი იყო დოლარის განაკვეთის ოდენობა, რაც ასევე ახდენს შემდეგ გავლენას ლარის განაკვეთზე, რომელიც მასზე მეტი უნდა იყოს“, – აღინიშნა ოთარ ნადარაიამ.
მისი თქმით, ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ტენდენციის გაგრძელების საშუალება ექნება, თუ რაიმე ისეთი არ მოხდა, რასაც შეუძლია ეკონომიკურ აქტივობაზე დიდი გავლენა მოახდინოს.
„მთლიანობაში ყველა თანხმდება იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდა ნორმალიზდება, მაგრამ ეს არასაკმარისია. განა ვინმე ამბობს, რომ 10%-იანი ზრდა ცუდია, მაგრამ თუ ახალი საინვესტიციო პროგრამები არ არის ბევრი, 10%-იანი ზრდის დაფიქსირების რესურსი ჩვენ არ გვექნება.
რაც შეეხება მიგრანტებს, ჩვენ უკვე ვხედავთ ამ ეფექტის შემცირებას. ჩვენს რეალობაში, აშშ-სგან განსხვავებით, ხშირად რთულ დროს იზრდება პროცენტი. მიგრანტების დიდი შემოდინება როცა იყო, ამან გაზარდა ეკონომიკური აქტივობა და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის რაციონალი გასაგები იყო. მეორე მხრივ ჩვენ თუ მივიღებთ ის სიტუაციას, რომ მოხდება მკვეთრი გადინება და ეკონომიკური აქტივობა შემცირდება, რაც ლარის კურსზე აისახება, ასეთ დროსაც ლარში პროცენტები გაიზრდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ლარი ძალიან გაუფასურდება“, – აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭება, რა თქმა უნდა, ეკონომიკაზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს, თუმცა ცვლილებები მყისიერი არ იქნება.
„ეს რა თქმა უნდა, პოზიტიური პროცესია, თუმცა ვერ მოახდენს მნიშვნელოვან ცვლილებებს 1 თვეში ან 1 წელში. უნდა გვესმოდეს, რომ ბიზნესისთვის მარტივი არ იქნება ევროკავშირის მარეგულირებელ სტანდარტებზე გადასვლა. ეს დამატებით ინვესტიციებს და გადაიარაღებას მოითხოვს, რაც არ არის მარტივი პროცესი.
კარგია, რომ ჩვენ მარტო არ ვიქნებით ამ პროცესში და ევროკომისიისგან დახმარებებისა და გრანტების მოცულობა გაიზრდება“, – განაცხადა ოთარ ნადარაიამ.